"ძაღლები მართლაც ჰგვანან თავიანთ პატრონებს..." - ნახეთ, კვლევის შედეგები

აღლები მართლაც ჰგვანან თავიანთ პატრონებს

ძაღლის ბევრ პატრონს აინტერესებს, აქვთ თუ არა რაიმე მსგავსება თავიანთ ძაღლებთან, მათ შორის ხასიათი, კომუნიკაბელურობა ან თუნდაც სიჯიუტე.

მოსაზრება, რომ ადამიანები და ძაღლები ერთმანეთს ჰგვანან, უბრალოდ ხუმრობა არ არის. უფრო მეტიც, ეს საკითხი კვლევებითაც არის შესწავლილი.

განსაკუთრებული ინტერესის საგანია, როგორ შეუძლია ძაღლებთან აღქმულ მსგავსებებსა და ემოციურ კავშირებს ურთიერთობის ხარისხის ჩამოყალიბება.

ადამიანებსა და ძაღლებს შორის მსგავსებების შესახებ აქამდე ცნობილი ინფორმაციის შესწავლა უმნიშვნელოვანესია, რადგან ამან შეიძლება გამოავლინოს, ასრულებს თუ არა რაიმე როლს მსგავსი ფიზიკური და პიროვნული თვისებების აღქმა ადამიანებისა და ძაღლების ურთიერთობის ხარისხში.

რას ამბობს კვლევები

ადამიანებსა და მათ ძაღლებს შორის აღქმული მსგავსებების შესახებ კვლევების მიზანია დადგინდეს, სწორია თუ არა ასეთი აღქმა და რა გავლენას ახდენს ის ადამიანებსა და მათ ძაღლებს შორის ურთიერთობაში.

ახალ მიმოხილვაში გაერთიანებულია შედეგები 15 ემპირიული კვლევისა, რომლებშიც სწავლობდნენ მსგავსებებს ძაღლი-ადამიანის წყვილებს შორის, როგორც გარეგნობით, ისე პიროვნული თვისებებით. შედეგები მიუთითებს, რომ ძაღლებსა და მათ პატრონებს შეიძლება ჰქონდეთ პარალელური თვისებები, მაგალითად, ექსტრავერსიის, შფოთვისა და კომუნიკაბელურობის დონე.

უფრო შორს რომ წავიდეთ, ზოგიერთი ადამიანი ირჩევს ძაღლებს, რომლებიც მათ ფიზიკურად ჰგვანან, განსაკუთრებით სუფთა სისხლის ძაღლის არჩევისას. საინტერესოა, რომ შესაძლოა კავშირი არსებობს ქალის თმის სიგრძესა და იმავე სიგრძის ყურების მქონე ძაღლის არჩევას შორის; მოკლეთმიანი ქალები კი როგორც ჩანს, უფრო მოკლეყურებიან ძაღლებს ირჩევენ.

კიდევ ერთი კვლევის თანახმად, პატრონებსა და მათ ძაღლებს შორის მსგავსება განსაკუთრებით შეინიშნება თვალის რეგიონში. სხვა კვლევები მიუთითებს დადებით კორელაციაზე პატრონის სხეულის მასის ინდექსსა (BMI) და მათი ძაღლის ჭარბწონიანობის ხარისხს შორის, რაც სავარაუდოდ დაკავშირებულია საერთო ცხოვრების წესთან.

მნიშვნელოვანია, რომ მრავალი ასეთი კვლევა იყენებს კითხვარებს, რომლებსაც პატრონები პასუხობენ. ამან შეიძლება გვაფიქრებინოს, რომ შედეგები ასახავს მხოლოდ პატრონთა აღქმებს.

თუმცა, მკვლევართა ჯგუფმა გამოჰკითხეს მონაწილეები, რომლებსაც იქამდე არასოდეს ენახათ ძაღლი-პატრონის წყვილები. აღქმულ მსგავსებებზე დაყრდნობით, ფოტოებზე მათ მათ კონკრეტული ძაღლების პატრონები უნდა ამოეცნოთ.

საინტერესოა, რომ მონაწილეებმა ზუსტად ამოიცნეს ძაღლი-პატრონის წყვილების უმეტესობა. ასეთი შედეგები მიუთითებს, რომ მსგავსება შეიძლება სულაც არ იყოს უბრალოდ პატრონის აღქმის საგანი.

შედარება ადამიანებთან ჩვენს ურთიერთობებთან

რატომ ხდება ასე? ერთი ჰიპოთეზა ამას ჩვენს ევოლუციურ ისტორიას უკავშირებს, რადგან ჩვენც მიდრეკილნი ვართ მსგავსი აზროვნების ადამიანების ძებნისკენ.

ევოლუციურ კონტექსტში, შეკრული და პროგნოზირებადი ჯგუფის წევრობა თანამშრომლობასა და გადარჩენას ზრდის. ეს მახასიათებლები გრძელდება და გავლენას ახდენს სხვებთან ჩვენს ურთიერთობაზე, ხელს უწყობს იმ ადამიანებთან კავშირებს, რომლებსაც ჩვენი ღირებულებები, ქცევები და თუნდაც ფიზიკური თვისებები აქვთ. აშკარაა, რომ ასეთივე მექანიზმი ახდენს გავლენას ძაღლებთან ჩვენს კავშირზე.

მსგავსება ასევე შეინიშნება იმ ადამიანებში, რომლებიც სუფთა სისხლის ძაღლებთან ცხოვრობენ. ამის მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ ადამიანები მიდრეკილი არიან ისეთი ჯიშების არჩევისკენ, რომლებიც გარკვეულ ქცევებთან არიან დაკავშირებული; ამას გარდა, ჯიშის სტანდარტიზებული მახასიათებლების გამო, სუფთა სისხლის ძაღლებში უფრო მაღალია ქცევითი პროგნოზირებადობა და სტაბილურობა.

პერსონალურ მსგავსებათა სხვა ახსნები შეიძლება დაკავშირებული იყოს ადამიანებსა და მათ ძაღლებს შორის ემოციურ მიმოცვლასთან, ურთიერთრეგულირებასთან, ქცევით განმტკიცებასთან და დაკვირვებისა და იმიტაციის გზით სწავლასთან.

მაგალითად, საკუთარი რჩეული რუტინით, ადამიანები თავიანთ ძაღლებში შეიძლება გარკვეულ ქცევებს აძლიერებდნენ; თანაც, ზოგჯერ ეს შეიძლება სულაც არ იყოს განზრახ. ამავე დროს, ადამიანებსა და ძაღლებს შორის ემოციურმა მიმოცვლამ შეიძლება დროთა განმავლობაში ჩამოაყალიბეს ერთმანეთის ემოციური მდგომარეობა.

სამეცნიერო ცნობისმოყვარეობის გარდა, იმის გაგება, თუ როგორ აყალიბებს მსგავსების აღქმა ადამიანების ურთიერთობას მათ ძაღლებთან, გააძლიერებს უფრო სრულყოფილ ურთიერთობას ჩვენსა და მათ შორის.

ასეთმა აღქმებმა შეიძლება განაპირობოს უფრო დიდი ემოციური ინვესტიცია კავშირში და გავლენა იქონიოს მათი ძაღლების გამომწვევი ქცევების ინტერპრეტაციაზე და აღქმაზე. მაგალითად, შეიძლება უფრო ტოლერანტულად შეხედონ გარკვეულ ქცევებს, თუკი აღმოაჩენენ, რომ ასეთი ქცევები თავადაც ახასიათებთ.

მსგავსებებს მიღმა — რა გვაერთიანებს

მაშინაც კი, როდესაც ადამიანებისა და მათი ძაღლების პერსონალურობა ერთმანეთს არ ჰგავს, ისინი მაინც შეიძლება ბრწყინვალედ შეეწყვნენ ერთმანეთს. წარმოიდგინეთ ცელქი და ენერგიული ძაღლი, რომელიც ვინმე უფრო თავშეკავებულ და ინტროვერტ ადამიანთან ცხოვრობს.

ძაღლის ენერგიამ შეიძლება ადამიანი შეაგულიანოს, რომ გახდეს უფრო აქტიური, რაც უფრო ჯანსაღ ჩვევებს ნიშნავს.

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები და მათი ძაღლები ზოგჯერ ერთმანეთს ჰგვანან, კვლევები მიუთითებს, რომ ძაღლებთან დადებითი კავშირის ჩამოსაყალიბებლად კიდევ ერთი საკვანძო ელემენტი შეიძლება იყოს თავსებადობა. ასეთივე რელევანტური შეიძლება იყოს ბმის სტილი და ადამიანის პიროვნულ თვისებათა ასპექტები.

ამას გარდა, მსგავსების შეგრძნება ყოველთვის არ არის მყისიერი და შეიძლება გამოჩნდეს თანარეგულირების ან ურთიერთგაძლიერების დროს, ისე, როგორც ეს ადამიანების ახლო კავშირებში ხდება. ამ კონტექსტში, თავსებადობა შეიძლება არსებობდეს მაშინაც, როცა ადამიანი და ძაღლი ერთმანეთს არ ჰგვანან.

ადამიანებს შორის ურთიერთობათა მსგავსად, მსგავსება სულაც არაა ის აუცილებლობა, რაც გვაერთიანებს. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსება როლს ასრულებს, ზოგჯერ ყველაზე აზრიანი კავშირები სულაც არ გვაქვს მათთან, ვინც გვგვანან.

ყველაზე უფრო მნიშვნელოვან ის ჩანს, რამდენად კარგად ვართ დაკავშირებული, როგორ ვუჭერთ მხარს ერთმანეთს, აღვიქვამთ პოტენციურ განსხვავებებს და ვამყარებთ ურთიერთგაგებას.

მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.