1753301989
დედამიწის ბრუნვის აჩქარების გამო, მეცნიერები კოორდინირებული დროისგან წამის გამოკლებას ფიქრობენ

მეცნიერების განცხადებით, დედამიწის ბრუნვის აჩქარებამ შესაძლოა მსოფლიო კოორდინირებული დროიდან (UTC) ერთი წამის გამოკლება გახადოს აუცილებელი. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც დროისთვის წამის დამატების ნაცვლად, როგორც ეს 1972 წელს მოხდა, დრო შემცირდება.
CNN-ის ცნობით, კომპენსაციის მიზნით დედამიწის ბრუნვის შენელებისთვის, 1972 წელს შემოიღეს „ნაკიანი წამის“ სისტემა. მას შემდეგ მეცნიერებმა ჯამში 27 წამი დაამატეს. თუმცა დედამიწის ბრუნვის აჩქარების გამო, წამის დამატების პროცესი შენელდა - თუ 1970-იან წლებში წელიწადში საშუალოდ ცხრა წამს ამატებდნენ, 2016 წლიდან მოყოლებული დამატებითი წამი გამოყენებული არ ყოფილა.
ფიზიკოსმა ჯუდა ლევინმა, რომელიც აშშ-ის სტანდარტებისა და ტექნოლოგიების ეროვნულ ინსტიტუტში მუშაობს, აღნიშნა, რომ როდესაც ეს სისტემა შეიქმნა, არავის ეგონა, რომ ოდესმე წამების გამოკლება გახდებოდა საჭირო. მან ის პრობლემები, რაც წამების გამოკლებამ შეიძლება გამოიწვიოს, იმ პოტენციურ შეფერხებებს შეადარა, რასაც 2000 წლის დადგომისას ელოდებოდნენ, როდესაც კომპიუტერები „99“-დან „00“-ზე უნდა გადასულიყვნენ.
UTC - მსოფლიო კოორდინირებული დროა, რომლითაც მსოფლიოში ყველა საათის სიზუსტე მოწმდება. ეს ერთგვარი დროის ოქროს სტანდარტია, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნავიგაციისთვის, ტელეკომუნიკაციებისთვის, ინტერნეტისთვის და ყველაფრისთვის, რაც ზუსტ დროს მოითხოვს.
დროის კორექციის საჭიროება კი სხვადასხვა ფაქტორიდან გამომდინარეობს. კერძოდ, ასტრონომიული დრო, ანუ დედამიწის თავისი ღერძის ირგვლივ ბრუნვა, იდეალურად სტაბილური არ არის. პლანეტა ხან ცოტა სწრაფად, ხანდახან კი ცოტა ნელა ბრუნავს. ასტრონომიული დროის UTC-დროსთან სინქრონიზაციისთვის, მეცნიერები ხანდახან წამებს ამატებენ.