„დააბრუნეს“ გიგანტური ძროხა, რომელიც მე-17 საუკუნეში გადაშენდა - გაიცანით ახალი სახეობა

გიგანტური ძროხა

თავდაპირველად ეს ცხოველი ევროპაში, აზიასა და ჩრდილოეთ აფრიკაში იყო გავრცელებული. დღეს ამ ადგილებში მათი ბევრად უფრო პატარა შთამომავლები ცხოვრობენ.

Hempel Foundation-მა და Rewilding Europe-მა ერთობლივი ძალისხმევით გადაშენებული ტურის მსგავსი ცხოველი — ტაუროსი — შექმნეს. ამისათვის მეცნიერებმა ტურის დნმ გამოიყენეს, რომელიც თანამედროვე ძროხებში ჯერ კიდევ იყო შემორჩენილი. სამხრეთ-აღმოსავლეთი დანიის ველურ ბუნებაში 30 ასეთ ტაუროსს გაუშვებენ. ამის შესახებ ინფორმაციას Rewilding Europe ავრცელებს.

"ძოვებით, გადაადგილებითა და ბუნებრივი მოძრაობით ისინი ლანდშაფტის ფორმირებას შეუწყობენ ხელს. ტაუროსები მცენარეებისთვის, მწერებისთვის, ფრინველებისა და სოკოებისთვის ახალ საბინადრო გარემოებს შექმნიან", — ნათქვამია Rewilding Europe-ის განცხადებაში.

ძროხის ეს სახეობა დანიაში პირველად იცხოვრებს. ველური ბუნების სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ ტაუროსები ეკოსისტემაში პირველყოფილი ძროხის როლს შეასრულებენ.

ტაუროსი მოშენების საერთაშორისო პროგრამის მეშვეობით შეიქმნა, რომელიც "ხელახლა გამრავლების" პრინციპს ეფუძნება. ეს სახეობა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ექვსი უძველესი ჯიშისგან გამოიყვანეს, რათა პირველყოფილ ძროხასთან ყველაზე მიახლოებული ყოფილიყო. ეს სახეობებია: Sayaguesa, Maremmana, Pajuna, Hungarian Grey, Podolica და Chianina.

ვლევრების თქმით, ეს ექვსი სახეობა ძირითადად სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპიდან იყო და უძველეს ჯიშს ფიზიკურად ყველაზე მეტად ჰგავდა.

ახლად გამოყვანილი ტაუროსის სიმაღლე დაახლოებით 1.8 მეტრი, მასა კი — 1360 კილოგრამზე მეტი შეიძლება იყოს. ეს მაჩვენებლები თანამედროვე მსხვილფეხა რქოსან პირუტყვთან შედარებით გაცილებით მეტია.

ამ დიდ ბალახისმჭამელებს "ქვაკუთხედ სახეობას" უწოდებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ეკოსისტემის გადარჩენაში სასიცოცხლო როლს თამაშობენ. მეცნიერების ინფორმაციით, ტაუროსებს შეუძლიათ შექმნან გარემო, რომელიც საფრთხის ქვეშ მყოფი სხვა სახეობებისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება.

წყარო