1756322176
წყალდიდობა პაკისტანში - 200 000 ადამიანი ევაკუირებულია

„ბიბისის“ ცნობით, პაკისტანის პანჯაბის რეგიონში წყალდიდობის გამო დაახლოებით 200 000 ადამიანია ევაკუირებული.
მაშველებმა დატბორილი რაიონების მცხოვრებლები უსაფრთხო ზონებში ნავებით გაიყვანეს. ადგილობრივმა მთავრობამ დახმარება სამხედროებსაც სთხოვა.
ეს მას შემდეგ მოხდა, რაც პაკისტანელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ინდოეთმა მიიღო გადაწყვეტილება კაშხლებიდან წყლის გაშვების შესახებ, რამაც ძლიერი წყალდიდობა გამოიწვია.
ბოლო კვირების განმავლობაში ინდოეთსა და პაკისტანში უხვი ნალექი ფიქსირდება. მუსონური წვიმების გამო ივნისიდან დღემდე პაკისტანში 800-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
ქვეყნის ეროვნული კატასტროფების მართვის სამსახურმა გააფრთხილა დაზარალებულ რაიონებში მცხოვრებლები, მდინარეებსა და არხებთან მიახლოებას მოერიდონ. პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, შეჰბაზ შარიფმა განაცხადა, რომ ფედერალური მთავრობა ითანამშრომლებს რეგიონულ ხელისუფლებასთან წყალდიდობის რისკის თავიდან ასაცილებლად.