1753301989
ბევრ პეპელას "მეორე თავი" აქვს — მეცნიერები ამის ახსნას გვთავაზობენ

როპიკულ ხვლიკებს პეპლების ჭამა უყვართ, თუმცა ზოგჯერ მათი თავისა და ბოლოს გარჩევა უჭირთ — ცისფერასებრთა ოჯახის ბევრ პეპელას შეცდომაში შემყვანი ფრთები აქვს.
ახალი ნაშრომითმეცნიერებმა გენების რთული ურთიერთმოქმედება გამოავლინეს, რომელიც პეპლებში ამ უნარს უკავშირდება. კვლევას ორი ენტომოლოგი უძღვებოდა ინდოეთის სამეცნიერო განათლებისა და კვლევის ინსტიტუტიდან (ტირუვანანტაპურამი).
პეპლის ფრთები არც ისე კარგი საკვებია — მტაცებლები უფრო მეტად წვნიან, საკვები ნივთიერებებით მდიდარ სხეულს ეტანებიან. ზოგიერთ პეპელას კუდთან "ცრუ თავი" აქვს, რომელიც მტაცებლებს ატყუებს და ქერცლიანი უკანა ფრთების ამარა ტოვებს. პეპელა თავდასხმას მხოლოდ ფრთების დაზიანებით უსხლტება, სასიცოცხლო ორგანოები კი საღ-სალამათი რჩება.
ეს Arawacus aetolus სახეობის პეპელაა. მისი ზოლები კუდთან იკრიბება, რაც ამ ადგილას თავის არსებობის ილუზიას ქმნის.
მეორე "თავი" ცისფერასებრთა ოჯახის 900-ზე მეტ სახეობაში გვხვდება. ცხადია, ყველა სახეობა იმავე მიდგომას არ მიმართავს. მაგალითად, Airamanna columbia-ს რამდენიმე "ანტენა" და უცნაური შესახედაობის წითელი "თვალი" აქვს.
ორმა ენტემოლოგმა — ტარუნკიშვორ იუმნამმა და ულასა კოდანდარამაიამ — კვლევა ჩაატარა. სურდათ გაეგოთ, თუ როგორ გაჩნდა პეპლებში ცრუ თავთან დაკავშირებული მახასიათებლები, მათ შორის: ანტენები, უკანა ფრთებზე არსებული ლაქები, თვალში საცემი შეფერილობა, თავის ცრუ კონტური და ერთ წერტილში კრებადი ზოლები. კვლევის ფარგლებში მათ ონლაინ არსებული სურათები და პეპელათა 928 სახეობის ოჯახური ხეები გამოიყენეს.
სახეობა Airamanna columbia-ს ცრუ თავთან დაკავშირებული ყველა მახასიათებელი აქვს.
აღმოაჩინეს, რომ ყველა ეს მახასიათებელი — გარდა ერთ წერტილში კრებადი ზოლებისა — ევოლუციის პროცესში ერთმანეთის პარალელურად წარმოიშვა და განვითარდა. ეს მიუთითებს, რომ მათი ერთობლივი მოქმედება პეპელათა არაერთ თაობას იცავდა, დროთა განმავლობაში კი მექანიზმი თანდათან უფრო გართულდა და დაიხვეწა.
"აღმოვაჩინეთ, რომ პეპლებში ცრუ თავთან დაკავშირებული მახასიათებლების უმეტესობა კოორდინირებულად განვითარდა, სავარაუდოდ, ფუნქციური კავშირის შესაქმნელად, როგორც რეაქცია საერთო სელექციურ ზეწოლაზე", — წერენ იუმნამი და კოდანდარამაია — "ამრიგად, ჩვენი კვლევა მაკროევოლუციური მტკიცებულებაა იმ იდეის მხარდასაჭერად, რომ ცრუ თავი მტაცებლებისგან თავდასაცავი მახასიათებლების ადაპტაციურ ერთობლიობად ჩამოყალიბდა".
ნაშრომი გამოცემაში Proceedings of the Royal Society B გამოქვეყნდა.