თბილისის ორ ქუჩაზე მოძრაობა 4 თვით იზღუდება - ნახეთ, დეტალები
1747828387
აშშ-ში ალცჰაიმერის დაავადების პირველი სისხლის ტესტი დაამტკიცეს. შედეგად, ეს ნაბიჯი პაციენტებს დაეხმარება, რომ ადრეულ ეტაპზევე დაიწყონ მკურნალობა ახლად დამტკიცებული პრეპარატებით, რომლებიც ამ გამანადგურებელი ნევროლოგიური დაავადების პროგრესს ანელებენ.
ტესტი კომპანია Fujirebio Diagnostics-მა შექმნა და სისხლში ორი ცილის პროპორციას ზომავს. ეს პროპორცია თანაფარდობაშია ტვინში ამილოიდური ფოლაქების არსებობასთან — ალცჰაიმერის ნიშანთან, რომლის დაფიქსირებაც ამ დრომდე მხოლოდ ტვინის სკანირებით ან სპინალური სითხის ანალიზით იყო შესაძლებელი.
„ალცჰაიმერის დაავადება მრავალ ადამიანს აწუხებს — უფრო მეტს, ვიდრე ძუძუს კიბო და პროსტატის კიბო ჯამში. ცნობილია, რომ 65 წელს გადაცილებულ ადამიანთა 10 პროცენტს ალცჰაიმერი აქვს, 2050 წლისთვის კი ეს მონაცემი გაორმაგდება; იმედი მაქვს, რომ ასეთი ახალი სამედიცინო პროდუქტები პაციენტებს დაეხმარება“, — ამბობს აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) კომისარი მარტი მაკარი.
FDA-ს ამამად ალცჰაიმერის სამკურნალო ორი პრეპარატი აქვს დამტკიცებული: ლეკანემაბი და დონანემაბი, რომლებიც მიზანში იღებს ამილოიდურ ფოლაქებს და როგორც აჩვენეს, მოკრძალებულად ანელებს კოგნიტურ შესუსტებას, მაგრამ ვერ კურნავენ თავად დაავადებას.
ინტრავენური ანტისხეულური თერაპიის მომხრეები, მათ შორის მრავალი ნევროლოგი აღნიშნავენ, რომ შეუძლიათ, პაციენტებს დამოუკიდებლობის რამდენიმე დამატებითი თვე შესთავაზონ და ეს თერაპია უფრო ეფექტიანი იქნება, თუკი დაავადების მსვლელობის ადრეულ ეტაპზევე დაიწყება.
კლინიკურ ცდებში, სისხლის ანალიზის შედეგები დიდწილად შეესაბამებოდა პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფიის (PET) ტვინის სკანირებისა და ზურგის ტვინის სითხის ანალიზს.
ტესტი ავტორიზებულია კლინიკებში გამოყენებისთვის იმ პაციენტებში, რომლებსაც კოგნიტური შესუსტების ნიშნები აქვთ.
ალცჰაიმერი დემენციის ყველაზე გავრცელებული ფორმაა. ის დროთა განმავლობაში უარესდება და თანდათან ართმევს ადამიანებს მეხსიერებას და დამოუკიდებლობას. წყარო