აშშ-ში აივ-ინფექციისგან დაცვის ახალი ინექცია დაამტკიცეს

აშშ-ში აივ-ინფექციისგან დაცვის ახალი ინექცია დაამტკიცეს

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) გამოყენებისთვის დაამტკიცა აივ-ინფექციის პრევენციის ინიექცია; პრეპარატი წელიწადში ორჯერ კეთდება და კომპანია Gilead Sciences-ის მიერ არის წარმოებული. ამ ნაბიჯს კომპანია დიდ გარღვევას უწოდებს სქესობრივად გადამდები ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში.

პრეპარატი ახდენს აივ-ინფექციის გადადების პრევენციას. ამ სახის მედიკამენტს PrEP-ს (pre-exposure prophylaxis) უწოდებენ და უკვე ათწლეულზე მეტია, რაც არსებობს. თუმცა, ის მხოლოდ აბების სახით იყო ხელმისაწვდომი და საჭირო იყო ყოველდღიური მიღება და ჯერ კიდევ ვერ შეძლო ინფექციის გლობალური მაჩვენებლის მნიშვნელოვანი შემცირება.

„ისტორიული დღეა აივ-ინფექციის წინააღმდეგ მიმდინარე ათწლეულებიან ბრძოლაში“, — ამბობს Gilead-ის თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი დენიელ ო’დეი.

Lenacapavir-მა, რომელიც ბაზარზე ბრენდული სახელით Yeztugo გავა, აჩვენა, რომ ზრდასრულებსა და მოზარდებში აივ-ინფექციის გადადების რისკს 99,9 პროცენტზე უფრო მეტით ამცირებს; შედეგად, ის ფუნქციურად უმძლავრესი ვაქცინაა.

კომპანიამ ორი დიდი კლინიკური ცდა ჩაატარა. პირველში მონაწილეობდა 2000-ზე მეტი ქალი სუბსაჰარული აფრიკიდან. შედეგებმა აჩვენა ინფიცირების 100 პროცენტით შემცირება და დიდი უპირატესობა ყოველდღიურ აბებთან მიმართებაში.

მეორე ცდაში 2000 კაცი და გენდერულად მრავალფეროვანი ინდივიდი მონაწილეობდა. წელიწადში მხოლოდ ორმა ინექციამ პრევენციის 99,9-პროცენტიანი მაჩვენებელი აჩვენა და კვლავ დაჯაბნა პრეპარატი Truvada.

აღრიცხულ გვერდით ეფექტებს შორის იყო ნანემსარი ადგილის რეაქციები, თავის ტკივილი და გულისრევა.

შთამბეჭდავი შედეგების მიუხედავად, ოპტიმიზმი შეიძლება შეარბილოს პრეპარატის მოსალოდნელმა მაღალმა ფასმა.

აივ-ის პრევენციის წინა ხანგრძლივი მოქმედების ინექცია — cabotegravir-ი, რომელიც ორ თვეში ერთხელ კეთდება და FDA-მ 2021 წელს დაამტკიცა, წლიური დოზა ათობით ათასი დოლარი ღირს და ამიტომ, რაიმე დიდი გლობალური გავლენა ჯერ არ მოუხდენია.

მიუხედავად იმისა, რომ Gilead-ს Yeztugo-ს ფასი ჯერ არ დაუსახელებია, ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ წლიური დოზის ფასი 25 000 დოლარს მიაღწევს. Lenacapavir-ის ამჟამინდელი სამკურნალო სახის პრეპარატის წლიური დოზის ფასი 39 000 დოლარია, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ფასი შემცირდება, როცა მისი საპრევენციო სახით გამოყენება დაიწყება.

გასული წლის ოქტომბერში Gilead-მა ხელშეკრულება გააფორმა ექვს ფარმაცევტულ კომპანიასთან, რომ მათ პრეპარატის გენერიკული ვერსია აწარმოონ და გაავრცელონ 120 დაბალ და საშუალოშემოსავლიან ქვეყანაში.

კვლევის შედეგები The New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.