ბათუმის აეროპორტში თვითმფრინავები ვერ ჯდება
1754373564
26 ივლისს აშშ-ის ოჰაიოს შტატში ბავშვი დაიბადა, რომელსაც თადეოს დანიელ პირსი დაარქვეს. ის ჩვეულებრივი ახალშობილი არაა, არამედ მსოფლიოში ყველაზე "ასაკოვანი" ჩვილია.
საქმე ისაა, რომ იგი 30.5 წლის წინ გაყინული ემბრიონიდან დაიბადა, რითაც ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. მანამდე ასეთი უჩვეულო ხნიერების რეკორდი 2022 წელს დაფიქსირდა და ოდნავ ნაკლები იყო — 30 წელი.
თადეოსის ემბრიონი ლინდა არჩერდისა და მისი მაშინდელი ქმრის ბიოლოგიური მასალისგან 1994 წლის მაისში შეიქმნა. მათ 6 წელი შვილი არ უჩნდებოდათ, ამიტომ ხელოვნურ განაყოფიერებას მიმართეს. ამისთვის ექიმებმა ცოლ-ქმრის კვერცხუჯრედითა და სპერმით 4 ემბრიონი მიიღეს.
საბოლოოდ, წყვილი დაშორდა, ლინდამ კი გადაწყვიტა, რომ "ემბრიონების გაშვილების" სააგენტოსთვის მიეკითხა. მისი მეშვეობით მან თავად აირჩია, ვისი დონორი გახდებოდა, რადგან არ სურდა, განაყოფიერებული კვერცხუჯრედები გამოუყენებელი დარჩენილიყო.
უნდა აღინიშნოს, რომ ეს ემბრიონები იმდროინდელია, როცა მათი გაყინვის პროცესი ძალიან ნელი იყო. ეს გალღობისას პოტენციურ დაზიანებებთან ასოცირდება. განაყოფიერებულ კვერცხუჯრედებს დღესდღეობით ბევრად სწრაფად ყინავენ და რისკიც მინიმუმამდეა დაყვანილი.
საფრთხის მიუხედავად, ლინდას ყველა ემბრიონი გალღობას გადაურჩა. 2024 წლის ნოემბერში ორი მათგანი თადეოსის დედის, ლინდსი პირსის, საშვილოსნოში წარმატებით გადანერგეს. 9 თვის შემდეგ მან ჯანმრთელი ბავშვი გააჩინა.
ლინდსი აცხადებს, რომ მძიმე მშობიარობა ჰქონდა, მაგრამ ახლა თვითონაც და მისი შვილიც თავს კარგად გრძნობენ. ის ამბობს, რომ თადეოსი ძალიან წყნარია და გაუმართლათ, რომ ასეთი გასაოცარი ბავშვი ჰყავთ.
ხელოვნური განაყოფიერების შედეგად პირველი ბავშვი 1978 წელს დაიბადა — ლუის ბრაუნი. მას შემდეგ ამ მეთოდთან დაკავშირებული შობადობის მაჩვენებელმა 13 მილიონს გადააჭარბა, ეს ტექნოლოგიები კი სულ უფრო მეტად უმჯობესდება.