1745440671
Coldplay-ის სოლისტი, კრის მარტინი, დეპრესიასთან ბრძოლის მეთოდებს გვიზიარებს

კრის მარტინმა გაამხილა, რომ დეპრესიასთან ბრძოლა მის ცხოვრებაში დღემდე გრძელდება. მარტინი და მისი ჯგუფის წევრები მსოფლიო მასშტაბით აღიარებული მუსიკოსები არიან. ამჟამად ჯგუფი მსოფლიო ტურნეს ატარებს სახელწოდებით: Music of the Spheres, რომელიც 2022 წელს დაიწყო.
ჰონგ-კონგში გამართულ ბოლო კონცერტზე, მომღერალმა გულწრფელად ისაუბრა მის მენტალურ მდგომარეობაზე და ის მეთოდები გაგვიზიარა, რომლებიც მას დეპრესიასთან გამკლავებაში ეხმარება.
„პირველ რიგში, მინდა გასწავლოთ, ერთი მეთოდი - თავისუფალი წერა. ამ მეთოდს freeform writing ჰქვია. თორმეტი წუთის განმავლობაში წერ ყველაფერს, რაც თავში მოგდის, მერე კი წვავ ან აგდებ. ეს მეთოდი ძალიან კარგია" - ამბობს მარტინი.
გარდა ამისა, Fix You-ს შემსრულებელი აღნიშნავს, რომ ტრანსცენდენტურ მედიტაციასაც მიმართავს ხოლმე. ეს არის პრაქტიკა, რომელიც სხეულის მოძრაობის მეშვეობით ეხმარება ტვინს დაბალანსებაში.
მომღერალი ასევე გვირჩევს, მოუსმინოთ ჯონ ჰოპკინსის ალბომს Music for Psychedelic Therapy და ვუყუროთ ფილმს Sing Sing, რათა შევიგრძნოთ მუსიკისა და კინოს ემოციური ძალა, რომელსაც სულიერად ამაღლება და ნუგეშის მოცემა შეუძლია.
მარტინმა თანამედროვე არტისტი - ქლოე ქიშაც ახსენა და თქვა, რომ მისი მუსიკა სიხარულის განცდას ჰგვრის. დასასრულს, კრისმა დაამატა, რომ სწორედ ეს მცირე პრაქტიკებია, რაც მას ეხმარება, ბედნიერად იგრძნოს თავი.