1692441190
ცვლილებების პროექტით, უცხოელის მიერ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, უცხოელის გაძევება და განსაზღვრული ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვა მოხდება

უცხოელის მიერ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, სასჯელის ახალი სახე იარსებებს, რომლის მიხედვით, უცხოელის საქართველოდან გაძევება და განსაზღვრული ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვა მოხდება. შესაბამისი ცვლილებები „სისხლის სამართლის კოდექსში“ შედის, რომლის ავტორი შინაგან საქმეთა სამინისტროა.
ცვლილებების გათვალისწინებით, აღნიშნული სასჯელი შეიძლება დაინიშნოს როგორც ძირითად, ასევე დამატებით სასჯელად. კერძოდ, პროექტით, ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, უცხოელს შეიძლება დაენიშნოს საქართველოში შემოსვლის აკრძალვა 2-დან ათ წლამდე ვადით, ხოლო მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, ხუთიდან 20 წლამდე ვადით.
ზემოთ აღნიშნულის გარდა, ცვლილებებით, ცალკეული ქმედებისათვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესდება. კერძოდ, იმ უცხოელის მიერ, რომელსაც სასჯელის სახით დანიშნული აქვს საქართველოდან გაძევება და განსაზღვრული ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვა ან რომლის მიმართაც არსებობს საქართველოდან გაძევების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისთვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა უცხოელის მიერ სამგზავრო დოკუმენტის განზრახ განადგურებაში ან ასეთი დოკუმენტის არქონის შემთხვევაში, დოკუმენტის მოპოვებისთვის საჭირო პროცედურისთვის თავის არიდებასა და სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისათვის სხვაგვარად თავის არიდებაში, დაისჯება უცხოელის საქართველოდან გაძევებით და განსაზღვრული ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვით ან თავისუფლების აღკვეთით ერთიდან ექვს წლამდე ვადით.