1753301140
აშშ-ში მოლაშქრეების ფეხსაცმელების ქურდ მელაზე ძებნა გამოცხადდა

„იძებნება დიდი რაოდენობით ფეხსაცმლის მოპარვისთვის", - რას იფიქრებდით, ასეთი წარწერა და პირში კედებგაჩრილი მელას სურათი რომ დაგენახათ პარკში ლაშქრობისას? არა, სულაც არაა სახუმაროდ საქმე — ყოველ შემთხვევაში, გრანდ-ტეტონის ეროვნული პარკის ვიზიტორებისთვის.
აშშ-ში, უაიომინგის შტატში, ერთი ონავარი მელა ივნისიდან მოყოლებული იპარავს ტურისტების ფეხსაცმელებს. საქმე იქამდეც მივიდა, რომ ეროვნული პარკის ხელმძღვანელობამ პოსტერები ამობეჭდა და ძელებზე გააკრა.
პოსტერის მიხედვით, "კედების ტაციად" და "მელია-პარიად" ცნობილ დამნაშავეს ბრალად ედება კონკრეტულად მარცხენა ფეხსაცმელების წაღება (როგორც ჩანს, უფრო გემრიელიაო) და მოლაშქრეებისთვის მყუდროების დარღვევა. ქურდბაცაცა ცხოველს უკვე 19 ფეხსაცმელი მოუპარავს. ბოლოს დანაშაულის ადგილი ცალი კედით და სინდისის ქენჯნის გარეშე დატოვაო, წერია განცხადებაში.
პოსტერის დაბლა პატარა დაფაცაა განთავსებული: "მელას ბოლო ქურდობიდან გასულია 0 დღე". პარკის ხელმძღვანელობა ტურისტებს ამ რიცხვის გაზრდას სთხოვს და მოუწოდებს, ფეხსაცმელები თავიანთ ტრანსპორტშივე ან კარვებში შეინახონ. მით უფრო, რომ განცხადების განთავსებიდან ინსტაგრამზე პოსტის დადებამდე მოპარული ფეხსაცმელების რაოდენობა 32-მდე გაზრდილა...
"რისთვის სჭირდება მელას ფეხსაცმელები? ეს ჯერ კიდევ არ ვიცით", — ნათქვამია პოსტში, — "შეიძლება სათამაშოა, შეიძლება კოლექცია აქვს სოროში, შეიძლება მოდის მიმდევარია".
View this post on Instagram
ამ სახალისო განცხადებით კი პარკის ადმინისტრაციას სერიოზულ საკითხზე სურდა ყურადღების გამახვილება; გარეული ცხოველების გამოკვება ან მათ მისაზიდად სხვა ხერხის გამოყენება, თუნდაც უნებლიედ, ადამიანებს და თავად ცხოველებსაც საფრთხის ქვეშ აყენებს. ინსტაგრამპოსტში ნათქვამია, რომ ამ გზით ველური ცხოველები ადამიანებს "შესაძლებლობად" აღიქვამენ, შედეგად კი, შესაძლოა, საბინადროც შეიცვალონ.
უაიომინგის ველური ბუნების მხარდამჭერთა ასოციაციის დირექტორი, კრისტინ ქომბსი, ამბობს, რომ მელიები ძაღლების მსგავსად ჭკვიანი და ონავარი ცხოველები არიან, თუმცა, კონკრეტული მიზეზი, რატომ შეიძლება ფეხსაცმელი მოიპარონ, მაინც უცნობია; შესაძლო ვარიანტებს შორისაა სუნის — მაგალითად, ტყავის ფეხსაცმლის — მოწონება ან ტერიტორიის მოსანიშნად გამოყენება.
ადამიანების სამოსახლოსთან გაშინაურებული მელიები განსაკუთრებულ საფრთხეს არ წარმოადგენენო, ხსნის ქომბსი, მაგრამ თუკი მოლაშქრეები საკვებით დაინტერესებული ცხოველების მოფერებას შეეცდებიან, შეიძლება უკბინონ; ამ გზით კი არაერთი დაავადება, მათ შორის, ცოფი ვრცელდება.
თუმცა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში საფრთხის ქვეშ თავად მელია-პარია უფროა. თუკი მისი ქცევა თანდათან უფრო აგრესიული გახდება, პარკის ხელმძღვანელობას ცხოველის მოკვლა მოუწევს.