მსოფლიო თასზე იტალიასთან გადამწყვეტი მატჩისთვის საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

20-წლამდელთა ნაკრები

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში მასპინძელ იტალიას კალვიზანოში 9 ივლისს, თბილისის დროით 22:30 საათზე დაუპირისპირდება.

ორი ტურის შემდეგ ჯგუფში პირველ ადგილზე ახალი ზელანდიაა (9 ქულა), 6 ქულით მეორე ადგილზეა ირლანდია. იტალია 4 ქულით მესამე პოზიციაზეა, საქართველოს ნაკრებს კი 2 ქულით მეოთხეა.

იტალიასთან მატჩს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. უმცროს „ბორჯღალოსნებს“ მეორე ადგილის დაკავების შანსი აქვთ – ამისათვის იტალიას ბონუსქულით უნდა სძლიონ, ირლანდია კი ახალ ზელანდიასთან უნდა დამარცხდეს და თან ქულაც ვერ მოიპოვოს. მხოლოდ გამარჯვებით საქართველოს ნაკრები მესამე ადგილს დაიკავებს.

მასპინძლებთან თამაშამდე სამწვრთნელო შტაბმა 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. სასტარტო შემადგენლობაში ბრუნდება ტარიელ ბურთიკაშვილი და მიხეილ ხახუბია. ზელანდიასთან მარქაფაში იყო და ძირითადში დაწინაურდა მესამეხაზელი გიორგი არძენაძე.

რაც შეეხება სათადარიგოებს: 20-წლამდელთა ჩემპიონატში წელს პირველად ითამაშებენ ინგლისის „იფსვიჩის“ ბურჯი გიორგი ტურაშვილი და „ლელოს“ უკანახაზელი დათა ახვლედიანი. პირველი ტურის შემდეგ დაბრუნდნენ გიორგი მესხიძე და ნიკოლოზ ჩხორთოლია. ზელანდიასთან დამწყებთა შორის იყვნენ და ახლა თადარიგში არიან მიხეილ ხახუბია და ნიკა აბესაძე.