მსოფლიო რეკორდი: ხორვატმა მყვინთავმა სუნთქვის გარეშე 29 წუთი გაძლო

მსოფლიო რეკორდი

ხორვატმა მყვინთავმა, ერთი შეხედვით, შეუძლებელი რამ შეძლო.

ვიტომირ მარიჩიჩმა ღრმად ჩაისუნთქა და აუზში ჩაეშვა. იქ ის 29 წუთი და 3 წამი დარჩა.

გინესის მსოფლიო რეკორდების მიხედვით, ეს ახალი რეკორდია. მარიჩიჩმა წინა რეკორდსმენს თითქმის 5 წუთით აჯობა.

ეიძლება ითქვას, რომ დაუჯერებელია, მან თითქმის ნახევარი საათი ჰაერის გარეშე გაძლო. სუნთქვის მსგავსად შეკავება დელფინსაც არ შეუძლია. ასეთი შედეგით მარიჩიჩი სელაპებსაც დაჯაბნის.

თითოეული ჩასუნთქვით, სელაპს ფილტვებში არსებული ჰაერის 90-პროცენტის ჩანაცვლება შეუძლია, მაგრამ ჩვენს სახეობას მხოლოდ 20-პროცენტის ჩანაცვლება გამოსდის. შესაბამისად, ფილტვების სუფთა ჰაერით შესავსებად მეტი ჩასუნთქვა გვჭირდება.

ორგანიზმში რაც შეიძლება მეტი ჟანგბადის მოსაქცევად, მარიჩიჩი ჩაყვინთვამდე 10 წუთის განმავლობაში სუფთა ჟანგბადს ისუნთქავდა.

ამან მის სისხლის პლაზმაში გახსნილი ჟანგბადის რაოდენობა გაზარდა. ეს ორგანიზმის ქსოვილებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან რეზერვუარს წარმოადგენს.

ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ ვიდეოში მარიჩიჩი განმარტავს, რომ ჩაყვინთვამდე ორგანიზმში ჩვეულებრივზე თითქმის ხუთჯერ მეტი ჟანგბადი დაიგროვა. ამის გარეშე ის ამდენ ხანს ვერ გაძლებდა.

ჩვეულებრივი სუნთქვის დროსაც კი, ხორვატი სპორტსმენის შესაძლებლობები შთამბეჭდავია. მას სუნთქვის შეკავება 10 წუთსა და 8 წამამდე შეუძლია.

სტანდარტულად სუნთქვის შეკავების გინესის რეკორდი 11 წუთი და 35 წამია და ის სერბმა ბრანკო პეტროვიჩმა 2014 წელს დაამყარა.

შედარებისთვის, საშუალოდ ადამიანს სუნთქვის შეკავება 30-დან 90 წამამდე შეუძლია.