არ მინდოდა განსაკუთრებული ვყოფილიყავი, მინდოდა ჩვეულებრივი ვყოფილიყავი, მარტივი არ არის, თუმცა შემიძლია ამ მდგომარეობაში ჩემი თავის საუკეთესო ვერსია ვიყო - ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილი

ნინა თიბილაშვილი

ქართველმა ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილმა, "რუსთავი 2-ის" გადაცემაში "ჩემპიონები" სტუმრობისას საკუთარ ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე ისაუბრა. როგორც პარასპორტსმენმა აღნიშნა, არ არსებობს არანაირი შეზღუდული შესაძლებლობები. მისივე თქმით, ყველაფერი შესაძლებელია, მთავარია, დაისახო მიზანი და ამისთვის ძალიან ბევრი იშრომო.

ნინა თიბილაშვილის თქმით, განსხვავებულ ფიზიკურ მდგომარეობას მის სპორტულ და ცხოვრებისეულ განვითარებაში ხელი არ შეუძლია, რადგან ოჯახი და მეგობრები მუდამ გვერდით ედგნენ და თავადაც ყოველთვის სჯეროდა, რომ თუ მოინდომებდა, ყველაფრის გაკეთებას შეძლებდა.

"დაბადებიდან განუვითარებელი ბარძაყი მაქვს, შესაბამისად, პატარაობიდანვე ვსარგებლობ პროთეზით და მისი საშუალებით გადავადგილდები. რაც შეეხება ბავშვობას, ვერ ვიტყვი, რომ რთული იყო ან რაღაც კომპლექსები მქონდა, ეს ყველაფერი კი, პირველ რიგში, მშობლების დამსახურებაა, იმიტომ, რომ სანამ მე სამყაროს თვალებში ჩავხედავდი და გავიაზრებდი, თუ რის წინაშე ვიდექი, ჩემს მშობლებს ეს უკვე გააზრებული და დაგეგმილი ჰქონდათ და ჩემამდე ეს ინფორმაცია ძალიან გამარტივებული ფორმით ჰქონდათ მოტანილი. მეუბნებოდნენ - შენ ხარ ძალიან ძლიერი ადამიანი და ცხოვრებაში აბსოლუტურად ყველაფრის გაკეთება შეგიძლია, რასაც მოინდომებ.

როდესაც გაქვს განსხვავებული ფიზიკური მდგომარეობა, სისულელეა თქვა, რომ ამას ვერ ამჩნევ, რა თქმა უნდა, ბავშვობიდანვე ძალიან გააზრებულად ვიცოდი, რა როგორ იყო. ბავშვობაში, ფარიკაობამდე ის მომენტების მქონია, ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას ვიქცევდი ჩემი ამ მდგომარეობიდან გამომდინარე და ხშირ შემთხვევაში, გამაღიზიანებელიც კი იყო და თითქოს მინდოდა ხოლმე ჩრდილქვეშ დავრჩენილიყავი. არ მინდოდა განსაკუთრებული ვყოფილიყავი, მინდოდა ჩვეულებრივი ვყოფილიყავი, თუმცა, ჩემი ეს მდგომარეობა დაბრკოლება არ ყოფილა, ყველაფერს ვაკეთებდი და არასდროს არაფერში შეზღუდვა არ მქონია. როდესაც ფარიკაობა გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში, მაშინ უკვე სხვანაირად დავიწყე აზროვნება. ადამიანები მთელი ცხოვრების განმავლობაში ცდილობენ, რომ იყვნენ გამორჩეულები, მაგრამ მე ასეთი უკვე ვიყავი, თუმცა ამას ჩემს მინუსად აღვიქვამდი, მაგრამ, როდესაც ფარიკაობა დავიწყე, საკუთარი თავი ვიპოვე და მივხვდი, რომ ეს გამორჩეული მდგომარეობა, არის ჩემთვის განსაკუთრებული და მე ამით უკვე ვარ ერთი ნაბიჯით წინ.

ძალიან მნიშვნელოვანია ამ სიტუაციაში შენ როგორ მიაწოდებ სხვებს თავს. თუ შენ სხვებს ანახებ, რომ ეს ყველაფერი გთრგუნავს, შავი ღრუბელი დაგყვება, შებოჭილი ხარ და კომპლექსებით სავსე, ისინიც ასე შემოგხედავენ. მთავარია, პირველ რიგში, შენ როგორ წარმოაჩენ სხვებთან თავს. მე ბავშვობიდანვე ძალიან დიდ პატივს ვცემდი საკუთარ თავს, არასდროს არ ვაკნინებდი, არასდროს ვიძახდი, რომ ამის გამო მახინჯი ვარ. მარტივი არ არის, ხანდახან მაქვს ხოლმე ფიქრები, სხვანაირად როგორ იქნებოდა... თუმცა, მე, ზოგადად ვარ ძალიან რეალისტი და ოცნებაც კი ძალიან რთულად გამომდის თუ რეალური ფუძე არ აქვს, ამიტომ, ზედმეტად არ ვვარდებოდი იმ ფიქრში, რა იქნებოდა, უფრო მეტ კონცენტრირებას ვახდენდი იმაზე, თუ როგორ შემიძლია ამ მდგომარეობაში ჩემი თავის საუკეთესო ვერსია ვიყო," - აღნიშნა პარასპორტსმენმა.

გარდა ამისა, ნინამ გადაცემაში მის კიდევ ერთ გატაცებაზე ისაუბრა, რომელიც ცხოვრებაში ძალიან ეხმარება.

"ბავშვობიდანვე მიტაცებდა ხატვა. ხატვა ჩემთვის არის ერთგვარი შვება. ორი ძალიან მაგარი სფერო არსებობს ჩემს ცხოვრებაში, ერთი სპორტი [ფარიკაობა], სადაც ხარ აგრესიული, მებრძოლი და ხატვა, სადაც ხარ მშვიდი. ეს ორი სფერო ჩემს ცხოვრებაში ძალიან კარგ ბალანსს ახდენს. როდესაც ცხოვრებისეული პრობლემა მაქვს, მივდივარ დარბაზში, სადაც ბოლომდე ვიხარჯები, ხოლო როცა დასვენება მჭირდება, მაშინ მშვიდად და წყნარად, ხატვაში ვხარჯავ ჩემს ემოციებს. ეს ყველაფერი ძალიან მეხმარება ცხოვრებაში, რომ დაბალანსებულად და ძალიან ჰარმონიულად ვიარო," - აღნიშნა ნინა თიბილაშვილმა.