სიცხით გამოწვეულმა ხანძრებმა ბალკანეთის ქვეყნებიც მოიცვა

ხანძრები

ანომალიური სიცხით გამოწვეულმა ხანძრებმა ბალკანეთის ქვეყნებიც მოიცვა. ცეცხლი ჩრდილოეთ მაკედონიაში, სკოპიესთან ახლოს მდებარე დასახლებებში გავრცელდა. გადამწვარია რამდენიმე საცხოვრებელი სახლი. სტიქიის რეგიონში ხანძრის 12 აქტიური კერაა. ადგილობრივ მაშველებს სტიქიასთან ბრძოლაში ჩეხი და სერბი მეხანძრეებიც ეხმარებიან.

ტყის ხანძრის მართვა ვერ ხერხდება ბულგარეთში. ცეცხლი მძვინვარებს სოფელ კაზარევოში. განადგურებულია საცხოვრებელი სახლები. მაშველებთან ერთად, ხანძრის კერების ლოკალიზებას ადგილობრივები და მოხალისეებიც ცდილობენ.

ბოლო დღეებში რეკორდული სიცხეა თურქეთშიც. ჰაერის ტემპერატურამ 50 გრადუს ცელსიუსს გადააჭარბა. მოსახლეობას დიდი ოდენობით სითხის მიღებას და დღის განმავლობაში ჩრდილში ყოფნას ან შინ დარჩენას ურჩევენ. ანომალიურმა სიცხემ თურქეთის რიგ რეგიონებშიც ტყის მასშტაბური ხანძრები გამოიწვია.