ზუგდიდის N2 საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

გლოვა

ქალაქ ზუგდიდის N2 საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

„პედკოლექტივი ღრმა მწუხარებით იუწყება ღვაწლმოსილი პედაგოგის ციცო ჯიჯელავას გარდაცვალებას. ციცო მასწავლებელი, რომლის სახელიც მეგობრობისა და სიყვარულის სინონიმია, წლების განმავლობაში მაღალი პროფესიონალური მიდგომით ზრდიდა თაობებს, მისი თითოეული გაკვეთილი სიყვარულითა და კეთილშობილებით იყო სავსე. აღსაზრდელებისთვის გახლდათ ნათელი შუქი ცოდნის სამყაროსკენ მიმავალ ბილიკზე, წავიდა ჩვენგან ღირსეული ადამიანი, რომელშიც მამულიშვილური ღირსება და ლამაზი ქალობა ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმოდა. წავიდა ქალბატონი, რომელიც ყოველდღიური რუდუნებით ამტკიცებდა - მასწავლებლობა არა მხოლოდ პროფესია, არამედ მოწოდებაა. ცრემლნარევი ტკივილით ვემშვიდობებით ციცოს მასწავლებელს...ღვაწლმოსილ პედაგოგს, ძვირფას მეგობარსა და დიდებულ პიროვნებას, რომელმაც თავისი ცხოვრება სრულად მიუძღვნა მომავალი თაობების აღზრდა-განათლებას და წარუშლელი კვალი დატოვა აღზრდილების, მეგობრების გულში. ღმერთმა დაუმკვიდროს მის სულს ცათა სასუფეველი!“ - წერია სკოლის სამძიმრის წერილში.