ცნობილია 28 წლის ბიჭის ვინაობა, რომელიც ბათუმში მოკლეს

გოგი

ბათუმში, მოკლული 28 წლის ახალგაზრდა გოგი ლეონიძეა. არსებული ინფორმაციით, დაჭრილი საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც მიღებული დაზიანებების შედეგად მალევე გარდაიცვალა.

ფაქტს ხელვაჩაურის N1 საჯარო სკოლის დირექცია და მასწავლებლები ეხმაურებიან.

„მძიმე გულით ვუერთდებით ჭირისუფალს...

ხელვაჩაურის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული, გოგი ლეონიძე, ტრაგიკულად და უეცრად გამოეთხოვა სიცოცხლეს. ეს არის დიდი ტკივილი მთელი ჩვენი სკოლის საზოგადოებისთვის – მეგობრებისთვის, მასწავლებლებისთვის, თანაკლასელებისა და ყველასთვის, ვინც გოგის იცნობდა.

ჩვენ, ხელვაჩაურის N1 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ამ უდროო და უმძიმესი დანაკლისის გამო. თანაგრძნობას ვუცხადებთ გოგის ოჯახს – მის მშობელ დედას, სამწუხაროდ მამა გარდაცვლილია, მაგრამ მგონი, ბედნიერი წავიდა, რომ შვილის სიკვდილს არ მოესწრო, ძმას, ახლობლებსა და მეგობრებს.

ძნელია, სიტყვებით გამოხატო ის ტკივილი, რასაც ახალგაზრდა ადამიანის დაკარგვა ტოვებს. იმ შემთხვევაში, როცა მას წინ მთელი ცხოვრება ელოდა. გთხოვთ, მიიღოთ ჩვენი გულწრფელი სამძიმარი და თანადგომა ამ განსაცდელში“, - ვკითხულობთ სამძიმრის პოსტში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული ჯ.ბ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

უწყების ცნობით, დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ბათუმში, ყოფით თემაზე დაწყებული დაპირისპირებისას, ნაცნობებს: 1997 წელს დაბადებულ გ.ლ.-ს და 1998 წელს დაბადებულ ლ.ქ.-ს დანის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცები საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც ერთ-ერთი მათგანი გ.ლ. მიღებული დაზიანებების შედეგად მალევე გარდაიცვალა.

პოლიციამ ჯ.ბ. ცხელ კვალზე, ბრალდებულის სახით დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 -ე მუხლით მიმდინარეობს.