ქეთი ეგიდუნაშვილმა დუმილი დაარღვია - სკანდალური ინტერვიუ
1748116643
გარდაიცვალა ცნობილი ქართველი მეცნიერი, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ისტორიკოსი, პოლიტოლოგი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, ბატონი გურამ აბესაძე.
გ. აბესაძე 1966-1971 წწ. სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე, რომლის წარმატებით დასრულების შემდგომ ისტორიკოსის, ისტორიისა და საზოგადოებათმცოდნეობის მასწავლებლის კვალიფიკაცია მიენიჭა.
1985 წ. 20 თებერვალს იქვე დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. 1989 წლიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტია.
1997 წ. 16 აპრილს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი მოიპოვა. ამ მხრივ, ბატონი გურამი გახლდათ პირველი მეცნიერი საქართველოში, რომელსაც პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიენიჭა. 2000 წ. 31 იანვრიდან ის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომირებული პროფესორია „პოლიტიკური მეცნიერების თეორიისა და ისტორიის“ დარგში.
ორი ათწლეულია, პროფესორი გურამ აბესაძე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელია. მან აქ პოლიტიკური მეცნიერების კვლევას დაუდო საფუძველი და შესაბამისი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებიც შეადგინა, რომელიც, წლებია, წარმატებით ხორციელდება.
ბატონი გურამი რამდენიმე ათეული სამეცნიერო ნაშრომის ავტორია, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საქართველოში პოლიტიკური მეცნიერების კვლევის ისტორიის განვითარებაში.
გურამ აბესაძე გახლდათ ინტელექტუალი, გულისხმიერი, თბილი ადამიანი, მეცნიერი, პედაგოგი, რომელმაც უნივერსიტეტის თანამშრომელთა და სტუდენტთა არაერთი თაობის დიდი სიყვარული დაიმსახურა. მასთან ურთიერთობა, საუბარი, ფაქტობრივად, დამატებითი ლექცია იყო, რომლითაც მსმენელი მისთვის ახალ ცოდნას ღებულობდა.
ბატონი გურამის გარდაცვალება დიდი დანაკლისია ქართული აკადემიური წრისა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის.
თანავუგრძნობთ პროფესორ გურამ აბესაძის ოჯახს, მის შვილს, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორს, სსუ საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელს, ბატონ ნოდარ აბესაძეს, ბატონი გურამის კოლეგებსა და სტუდენტებს.
უფალმა აცხონოს მისი ნათელი სული!