მცენარეები, რომელიც გველებს აფრთხობს
1751308773
36 წლის ირაკლი არჩვაძე პირველი ქართველია, რომელმაც სიმაღლეში ზრდის ოპერაცია გაიკეთა.
ირაკლიმ ოპერაციის გამო სამსახური მიატოვა და ბავშვობის ოცნების ასასრულებლად თურქეთში გაემგზავრა.
რატომ და როდის გადაწყვიტეთ სიმაღლეში ზრდი ოპერაციის გაკეთება?
- ბავშვობიდან მინდოდა, შემეცვალა რაღაც ჩემს გარეგნობაში. არ ვიყავი კმაყოფილი ჩემი პროპორციებით — გაშლილი ხელების სიგრძე გაცილებით მეტი იყო, ვიდრე ჩემი სიმაღლე. ეს დისკომფორტს მიქმნიდა. არ მომწონდა ასეთი ჩემი თავი; მინდოდა, უფრო მაღალი ვყოფილიყავი.
ინტერნეტში ვეძებდი ხოლმე ინფორმაციას — რა ხდებოდა ამ მიმართულებით მსოფლიოში, სად კეთდებოდა ოპერაცია. უცებ წავაწყდი ვიდეოებს და ვნახე, რომ თურქეთში, სტამბოლში აკეთებდნენ მსგავს ოპერაციებს. თავიდან „ფოტოშოპი“ მეგონა — ისეთი ფოტოები და ვიდეოები იყო, ხალხი მართლაც იზრდებოდა.
მოვუსმინე ამ ადამიანების ისტორიებს, გავაანალიზე ყველა ვიდეო. 16 წლიდან მინდოდა ამ ოპერაციის გაკეთება. ბავშვობაში ბევრ სპორტზე დავდიოდი; სტაფილოს და ჭარხალსაც მიწურავდნენ, მაგრამ არ მიშველა.
როგორ ტარდება ოპერაცია და რამდენ ხანში აქვს შედეგი?
- ეს ოპერაცია სხვა ოპერაციებისგან იმით განსხვავდება, რომ ოპერაციას იკეთებ იმისთვის, რომ პროცესი დაიწყოს; ჩემს შემთხვევაში ბარძაყის ძვლები გადამიტეხეს და ხელოვნური იმპლანტი ჩამისვეს შიგნით; გარედან დააყენეს ფიქსატორები. ამ ფიქსატორებით ვახდენდი ზრდას; 4-ჯერ ან 5-ჯერ ვატრიალებდი ყოველ დღე. თითო გადატრიალებით ვიზრდებოდი 0.25 მილიმეტრით. აუცილებელია ოპერაციამდე 3-4 თვით ადრე იოგაზე სიარული ან გაწელვები, რომელიც გეხმარება რეაბილიტაციაში; მე ოპერაციამდე მოვამზადე ჩემი ორგანიზმი. მყესები თუ მოქნილი არ არის, ძალიან დაიტანჯება პაციენტი. ტკივილები ახლავს ოპერაციას, მაგრამ არა ისეთი, რომ ვერ გაუძლო; 5 სანტიმეტრს რომ მივაღწიე, ნერვის ტკივილი დამეწყო — მთელი ღამე ვერ დავიძინე. ეს ტკივილი დენის დარტყმას და დაბუჟებას ჰგავდა.
როგორი იყო ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდი?
- ოპერაციის შემდგომ პირველი ტერფები ავამოძრავე; დავრწმუნდი, რომ ყველაფერი კარგად იყო და გამიხარდა. ოპერაციის გადაწყვეტილება სპონტანურად არ მიმიღია; ოპერაციამდე ჩავედი თურქეთში და ყველა დეტალი დავაზუსტე. ოპერაციიდან 10 დღეში ჭოჭინათი გავიარე. ოპერაციის შესახებ ჩემი ოჯახის წევრებიდან მხოლოდ ჩემმა დამ იცოდა; მან მშობლებს პროცესი არ აუხსნა, რომ არ ენერვიულათ. 14 თებერვალს გავიკეთე ოპერაცია; ფიქსატორები 12 მაისს მოვიხსენი. ფიქსატორს რომ იხსნი, ზრდის პროცესიც სრულდება. ერთი კვირის წინ ჩამოვედი საქართველოში; ახლა ჩვეულებრივ დავდივარ, ყავარჯნების გარეშე. ახლა ჩემი სიმაღლე არის 179 სმ; მანამდე 170 სმ-მდე ვიყავი.
რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში ოპერაციის შემდეგ?
ვისაც ნახა, ყველა გაოგნებული იყო; ჩემმა მეგობრებმა ყველამ მითხრეს, რომ ყოჩაღ, ძალიან მაგარი გადაწყვეტილება მიგიღიაო; ჩვენ ვერ გავრისკავდითო. რა თქმა უნდა, ისინი მაღლები არიან და არ იციან, რას გრძნობენ დაბალი ადამიანები; ყველა ჩემი მეგობარი მაღალი იყო. ზოგს გავუთანაბრდი; ზოგზე ახლა მაღალიც ვარ. ეს ოპერაცია ჩემს ცხოვრებაში ისეთი გამოწვევა იყო, რომ საკუთარ თავს დავუმტკიცე — ამის შემდეგ შემიძლია სხვა დასახული მიზნებიც წარმატებით შევასრულო.
ერთი წამითაც არ ვნანობ, რომ ეს ოპერაცია გავიკეთე; ძალიან ბედნიერი ვარ. ყოველდღიურად, ქუჩაშიც რომ გავდივარ, სხვანაირად ვუყურებ ცხოვრებას; თითქოს თავიდან დავიბადე. ყველაფერს ზემოდან რომ ვუყურებ, მომწონს ჩემი პროპორციები. აეროპორტში რომ ვიყავი, განსაკუთრებით ვიგრძენი ეს ყველაფერი; ჩემი წვალებით და შრომით მივედი ამ მიზნამდე.
რას ეტყოდით იმ ადამიანებს, რომელთაც მსგავსი სიმაღლეში ზრდის ოპერაციის ჩატარების სურვილი აქვთ?
ამ ოპერაციის გაკეთება გააზრებული უნდა ჰქონდეთ; სურვილით უნდა იწვოდნენ, რომ ამხელა მსხვერპლზე წავიდნენ. დიდი მნიშვნელობა აქვს ფიზიკურ და მენტალურ მომზადებას; ტკივილისადმი ტოლერანტულიც უნდა იყო. ეს არ არის საბავშვო ბაღი; ეს არის 3-თვიანი პროცესი, რომლისთვისაც მზად უნდა იყვნენ. ერთი წუთითაც არ მიფიქრია — ვაი, ეს რატომ გავაკეთე-მეთქი; ვიცოდი, რომ ეს დღე დასრულდებოდა და ტკივილიც წარსულს ჩაჰბარდებოდა.
ძალიან ბევრი მიკავშირდება; ბევრი მწერს, რომ ოპერაციის გაკეთება სურთ. შეიძლება, ვინმესთვის ინსპირაციაც გავხდე; თუ კარგ საქმეს გავაკეთებ, სიამოვნებით დავეხმარები ყველას.