სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

გლოვა

ხანმოკლე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის მათემატიკის მიმართულების მოწვეული ლექტორი მურმან კვეკვესკირი.

„ბატონი მურმანი იყო გამორჩეული პროფესიონალი და მაღალი ადამიანური ღირებულებების მქონე პიროვნება. იგი ინტელექტუალი და ინტელიგენტი გახლდათ. ჩვენი კოლეგა გამოირჩეოდა სიდინჯით, სამართლიანობით, არგუმენტირებული მსჯელობის უნარითა და დისკუსიის მაღალი კულტურით.

მურმან კვეკვესკირი დაიბადა 1955 წლის 11 ნოემბერს, ქალაქ ოჩამჩირეში. დაწყებითი განათლება მიიღო სოფელ ოხურეის საშუალო სკოლაში, ხოლო 1972 წელს დაამთავრა ვლადიმირ კომაროვის სახელობის თბილისის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა, სადაც არაერთგზის გახდა მათემატიკის რესპუბლიკური ოლიმპიადების გამარჯვებული.
ამავე წელს ჩააბარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მექანიკის ფაკულტეტზე, რომელიც 1977 წელს დაამთავრა მათემატიკოსის სპეციალობით.

1977-1979 წლებში იგი მუშაობდა მათემატიკის მასწავლებლად ოხურეის საშუალო სკოლაში; 1979-1980 წლებში კი – საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტში, უმაღლესი მათემატიკის კათედრაზე, ხოლო 1980-1989 წლებში – აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალგებრა-გეომეტრიის კათედრაზე.

1986-1988 წლებში გაიარა სტაჟირება ლენინგრადის (ამჟამად – სანქტ-პეტერბურგის) სახელმწიფო უნივერსიტეტში.
1998–2006 წლებში მუშაობდა თსუ სოხუმის ფილიალის ალგებრა-გეომეტრიის კათედრაზე უფროს მასწავლებლად, 2006-2008 წლებში – ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე, 2008 წლიდან გარდაცვალებამდე იყო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.

2010-2018 წლებში თანამშრომლობდა მათემატიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტთან, როგორც უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი.

სამწუხაროდ, გარკვეულმა ობიექტურმა მიზეზებმა ხელი შეუშალა ბატონ მურმანს სამეცნიერო ხარისხის მოპოვებაში, რითაც ქართველ მათემატიკოსთა სასახელო სკოლამ კიდევ ერთი გამორჩეული მკვლევარი დაკარგა. მიუხედავად ამისა, ის უებრო პედაგოგი გახლდათ. ბატონი მურმანის ღვაწლი თაობების განათლებასა და ქართული მეცნიერების განვითარებაში შეუფასებელია. ის იყო ადამიანი, რომელიც ერთნაირი გულწრფელობით, პატივისცემითა და სითბოთი ექცეოდა როგორც კოლეგებს, ასევე – სტუდენტებს.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და გულწრფელ თანაგრძნობას უცხადებს ბატონი მურმან კვეკვესკირის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებსა და სტუდენტებს“, - ნათქვამია სამძიმრის წერილში.