შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

შსს

გამოძიების პირველადი ინფორმაციით, თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე ვაჭრობისთვის განკუთვნილ ერთ-ერთ შენობა-ნაგებობაში ხანძარი, სავარაუდოდ, ელექტრო-სადენების გაუმართაობამ გამოიწვია - ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ჩატარებული გამოძიების პირველადი ინფორმაციით, თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე ვაჭრობისთვის განკუთვნილ ერთ-ერთ შენობა-ნაგებობაში ხანძარი, სავარაუდოდ, ელექტრო-სადენების გაუმართაობამ გამოიწვია.

აღნიშნული ობიექტის მიმდებარედ განთავსებული ვიდეოსამეთვალყურეო კამერის ჩანაწერების დათვალიერებით ირკვევა, რომ ხანძრის, სავარაუდოდ, პირველი კერა, სწორედ ელექტრო-სადენებიდან ჩნდება.

მომხდარის ზუსტი მიზეზის დასადგენად, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქით, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე ხანძრის გაჩენის ფაქტზე შეტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ - „112“-ში, დღეს - 26 აგვისტოს, გამთენიისას, შემოვიდა.

შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში, ადგილზე გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და დაიწყეს ხანძრის ქრობის აქტიური სამუშაოები.

ადგილზე, ასევე, მობილიზებულები იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა შესაბამისი დანაყოფები.

არსებობდა, ხანძრის მიმდებარედ არსებულ შენობებზე გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ლიკვიდირება დროულად მოახერხეს.

შემთხვევის შედეგად დაშავებული არავინ არ არის“, - ნათქვამია განცხადებაში.