1784020802
საყურადღებო ინფორმაცია მშობლებს, ვინც ბავშვები მეორე ეტაპზე ბაღში ვერ დაარეგისტრირა - სააგენტო დეტალებს განმარტავს
თბილისის ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა მეორე ეტაპის რეგისტრაცია 13 ივლისს დაიწყო.
მშობლების ნაწილი აღნიშნავს, რომ შვილების დარეგისტრირება ვერ მოახერხეს. ნაწილი მიიჩნევს, რომ საიტზე ხარვეზია. ამის გადასამოწმებლად ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დავუკავშირდით, სადაც განმარტეს, რომ რეგისტრაცია ხარვეზის გარეშე მიმდინარეობს და შეფერხება არ არის.
რაც შეეხება გამოთქმულ პრეტენზიებს, თითქოს რეგისტრაციაზე პრობლემაა, სააგენტოში აცხადებენ, რომ სარეგისტრაციო ბმულზე გვერდით მითითებულია დეტალები, რა შემთხვევაში შეუძლია მეორე ეტაპის რეგისტრაციის გავლა.
კერძოდ, რეგისტრაციის გავლას შეძლებენ მხოლოდ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე (არანაკლებ ბოლო 6 თვის განმავლობაში) რეგისტრირებული ბავშვები. (უფრო კონკრეტულად, ბავშვი შეიძლება დაბადებულია თბილისში, მაგრამ ჩაწერა არ აქვს მისამართზე).
რეგისტრაციის გადამოწმება შესაძლებელია სარეგისტრაციო ფორმის ქვედა სივრცეში.
იმ შემთხვევაში, თუ მშობელი ვერ ახერხებს ბავშვის ელექტრონულ რეგისტრაციას, მას შეუძლია, განცხადებით მიმართოს სასურველ საბავშვო ბაგა-ბაღს და ჩაეწეროს სარეზერვო სიაში.
რეგისტრაციის მესამე ეტაპი დაიწყება 20 ივლისს 10:00 საათზე.
ამ ეტაპზე რეგისტრაციას გაივლიან 2-დან 6 წლამდე საქართველოს მოქალაქე ან ბინადრობის უფლების მქონე ბავშვები, რეგისტრაციის ადგილის განურჩევლად.
ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებამდე 10 კალენდარული დღით ადრე, ვალდებული ხართ წარმოადგინოთ ბაგა-ბაღში ბავშვის მიღებისთვის აუცილებელი შემდეგი დოკუმენტაცია:
1. დაბადების მოწმობის ასლი.
2. ჯანმრთელობის ცნობა.
3. ბავშვის 2 ფოტო-სურათი (3x4).
4. მშობლის (მშობლების) პირადობის მოწმობის ასლი.
5. საჭიროების შემთხვევაში, ბაგა-ბაღის მიერ მოთხოვნილი სხვა დოკუმენტაცია.








