საქპატენტი, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, შვეიცარიასა და საფრანგეთში გეოგრაფიული აღნიშვნების და ადგილწარმოშობის დასახელებების მქონე უნიკალური პროდუქტების წარმოებისა და დაცვის პრაქტიკას გაეცნო

საქპატენტი

საქართველო-შვეიცარიის ინტელექტუალური საკუთრების ერთობლივი პროექტის (GESIP) ფარგლებში, შვეიცარიასა და საფრანგეთში გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ სასწავლო ტური გაიმართა. ტურში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინის დეპარტამენტის უფროსმა დარეჯან მჭედლიძემ.

ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში ქართულ-შვეიცარიული თანამშრომლობის წარმატებულმა პრაქტიკამ რაჭული ლორისა და ყველის „ტენილი“ მწარმოებლებსა და სხვადასხვა უწყებების, მათ შორის, სოფლის განვითარების სააგენტოსა და, ასევე, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული სამსახურის „საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრის „კავკასიის“ (GBDC) ახალციხის ოფისის წარმომადგენლებს საშუალება მისცა მონაწილეობა მიეღოთ სასწავლო ტურში. გარდა ამისა, ქართულ დელეგაციას შეუერთდა დარგის ექსპერტიც. ვიზიტის მეორე ეტაპზე კისასწავლო ტურში ჩაერთნენ შვეიცარიის ინტელექტუალური საკუთრების ფედერალური ინსტიტუტის (IPI) წარმომადგენლებიც.

სასწავლო ვიზიტის საერთო მიზანს წარმოადგენდა მწარმოებლებისა და სახელმწიფო უწყებებისთვის გეოგრაფიულ აღნიშვნებთან დაკავშირებული პრაქტიკის გაზიარება. ვიზიტის ფარგლებში,ძირითადი აქცენტი გაკეთდა ისეთ თემებზე,როგორებიცაა: გეოგრაფიული აღნიშვნების კონტროლი და სერტიფიცირება, საკვების უსაფრთხოების სტანდარტების  მოქნილობა და რეგულაციები, ბაზრის ზედამხედველობა და კონტრაფაქციის წინააღმდეგ ბრძოლა, მარკეტინგიდა გეოგრაფიული აღნიშვნების პოპულარიზაცია, კავშირი გეოგრაფიულ აღნიშვნებსა და აგრარულ ტურიზმს შორის, ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების რეგისტრაციის განაცხადების განხილვა, ასევე, სენსორული ანალიზი და მდგრადი მეურნეობის ხელშეწყობა.

აღსანიშნავია, რომ ტურის ფარგლებში, მონაწილეები შეხვდნენ შვეიცარიის ადგილწარმოშობის დასახელებისა და საფრანგეთის გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე პროდუქტების მწარმოებლებს (Cancoillotte PGI (FRA), Tete-de-Moine PDO (SWI), Jambonde la Borne (PDO)), ასევე სერტიფიცირების უწყებებსა და ასოციაციებს.

„საქართველო-შვეიცარიის ინტელექტუალური საკუთრების პროექტი (Georgian-Swiss Intellectual Property Project (GESIP)), საქართველოში შვეიცარიის ეკონომიკურ საკითხებში სახელმწიფო სამდივნოს (SECO) ფინანსური მხარდაჭერით, შვეიცარიის ინტელექტუალური საკუთრების ფედერალურ ინსტიტუტსა (IPI) და საქპატენტს შორის მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე, 2022 წლის 1 აგვისტოდან ხორციელდება. პროექტის ძირითადი მიზანია საპატენტო სფეროში დამატებითი სერვისების დანერგვა, საპატენტო ძიებებთან დაკავშირებული გამოცდილების გაზიარება და საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის სისტემის განვითარების ხელშეწყობა.