წყალი შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1747244812
"ევროპის საბჭოს მინისტერიალზე ჩემი გამოსვლის დროს მთავარი აქცენტი გავაკეთე საქართველოში მიმდინარე პროცესებზე. პირველ რიგში, ეს შეეხებოდა რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციას და ამ რეგიონში ადამიანის უფლებების დარღვევებს", - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
ამასთან, ბოჭორიშვილის თქმით, მისი გზავნილი იყო, რომ "მხოლოდ ცრუ ნარატივებით არ უნდა ხდებოდეს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შეფასება".
"ლუქსემბურგში გაიმართა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა. ეს კარგი ფორმატია, რათა ვისაუბროთ ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებზე, ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე და ვიმსჯელოთ ზოგადად, ევროპის საბჭოს რეგიონში განვითარებებზე. რა თქმა უნდა, მთავარი აქცენტი, რაც ჩემი გამოსვლის დროს გავაკეთე, შეეხებოდა საქართველოში მიმდინარე პროცესებს. პირველ რიგში, რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციას და ამ რეგიონში ადამიანის უფლებების დარღვევებს. შესაბამისად, ხაზი გავუსვით ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების მნიშვნელობას ამ კონტექსტში და საერთაშორისო მექანიზმების გამოყენების საჭიროებას, როდესაც ვსაუბრობთ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებაზე. ეს ფორმატი ასევე გამოვიყენეთ, მესაუბრა საქართველოს შიდა განვითარებებზე, ზოგადად, ევროპის რეგიონში დემოკრატიის გამოწვევებზე, ორმაგ სტანდარტებზე, რომლის მიხედვითაც ძალიან ხშირად ხდება საქართველოში მიმდინარე მოვლენების შეფასება. რეფორმებზე, სამართლიანობაზე, ადამიანის უფლებების დაცვაზე როდესაც ვსაუბრობთ, თუ შევხედავთ ყველა კვლევას, რეიტინგს და მონაცემებს, საქართველოს აქვს მართლაც თვალსაჩინო პროგრესი გასული ათი წლის განმავლობაში. ამაზე მეტყველებს ყველა მონაცემი, რაც კი არსებობს, მათ შორის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებები. რა თქმა უნდა, ეს არ უნდა დარჩეს ყურადღების მიღმა და მხოლოდ ცრუ ნარატივებით არ უნდა ხდებოდეს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შეფასება. რა თქმა უნდა, ესეც იყო ჩემი გზავნილი, როდესაც ევროპის საბჭოს მინისტერიალზე ვისაუბრე", - აღნიშნა მინისტრმა.
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ყველა ქვეყანა მოქმედებს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე და ყველაფრის შეფასება თუ გადაფასება ხდება ისე, როგორც მათ ინტერესებს შეესაბამება.
"არაფერი გასაკვირი არ არის, რომ ერთ დღეს დამკვიდრებული პოზიციები მეორე დღეს იცვლება და ეს მიყვება სწორედ იმ ქვეყნების ინტერესებს, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, ამ შემთხვევაში, სირიასთან მიმართებაში. საქართველოს აქვს ასევე თავისი ინტერესები და ნურავის ნუ გაუკვირდება, რომ ჩვენ ვიქნებით ჩვენი ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე და დავიცავთ ეროვნულ ინტერესებს. სამწუხაროა, როდესაც ვსაუბრობთ საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე, სუვერენულ უფლებაზე, ძალიან ხშირად ხდება სხვადასხვა აქტორის მხრიდან ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო აზრების ცირკულირება და სხვადასხვა მოვლენების ორმაგი სტანდარტებით შეფასება. პარტიების აკრძალვა უცხო არ არის არცერთი ევროპული ქვეყნისთვის. სხვადასხვა ქვეყანა როდესაც პარტიების აკრძალვაზე საუბრობს, აღნიშნავენ, რომ ეროვნული ინტერესებით ხელმძღვანელობენ. ამ შემთხვევაში, როდესაც გვაქვს სამართლიანი საფუძვლები ვისაუბროთ, რომ საქართველოშიც უნდა იყოს გამოყენებული აღნიშნული პრაქტიკა, ვხედავთ, რომ ზოგიერთი აქტორის მხრიდან ხდება ამ საკითხის გამოყენება საქართველოსა და ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.