საქართველოს ბანკმა Citi-სგან ვაჭრობის დაფინანსებისთვის $50 მილიონის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა

საქართველოს ბანკმა Citi-სგან ვაჭრობის დაფინანსებისთვის $50 მილიონის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა

საქართველოს ბანკმა, ქვეყნის წამყვანმა უნივერსალურმა ბანკმა, Citi-სთან ერთწლიანი, 50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სავაჭრო დაფინანსების შეთანხმებას ხელი მოაწერა. ეს სტრატეგიული შეთანხმება, 2011 წელს მიღებული ხელშეკრულების Continuing Agreement for Reimbursement of Trade Advances (CARTA) ფარგლებში გაფორმდა და იგი Citi-სა და საქართველოს ბანკს შორის მეთოთხმეტე წარმატებულ გარიგებას წარმოადგენს.

ახალი შეთანხმება სპეციალურად შექმნილია იმისთვის, რომ გააძლიეროს ქვეყანაში სწრაფად მზარდი კორპორატიული, მცირე და საშუალო (SME) სექტორებისთვის სავაჭრო დაფინანსების შესაძლებლობების შეთავაზება. ფინანსური რესურსი მნიშვნელოვან მხარდაჭერას გაუწევს საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართულ ბიზნესებს, დაეხმარება აუცილებელ დაფინანსებაზე წვდომაში და ხელს შეუწყობს ქვეყნის მასშტაბით ეკონომიკურ ზრდას.

„ჩვენ განსაკუთრებით ვამაყობთ, რომ 50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სავაჭრო დაფინანსების შეთანხმებით, ჩვენს გამორჩეულ პარტნიორობას Citi-სთან ვაგრძელებთ. ქართული კომპანიების მზარდი საჭიროებების გათვალისწინებით, განსაკუთრებით, კორპორატიულ და მცირე და საშუალო ბიზნესის სეგმენტებში, სავაჭრო დაფინანსების კუთხით შესაძლებლობების განვითარება გრძელდება, რაც მათ წარმატების მიღწევაში დაეხმარება. ეს პარტნიორობა ადასტურებს ჩვენი გლობალური პარტნიორების ნდობას ჩვენი გამოცდილებისადმი და ერთგულებას ქართული ბაზრის განვითარებისადმი. ჩვენ მივესალმებით Citi-სთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას, რათა შევქმნათ ზრდის ახალი შესაძლებლობები ბიზნესებისთვის როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე,“- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.
ხელშეკრულება კიდევ ერთხელ ადასტურებს Citi-სა და საქართველოს ბანკს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობას, რომელიც რეგიონში საერთაშორისო ვაჭრობისა და ეკონომიკის განვითარებას ისახავს მიზნად.
 
 „საქართველოს ბანკის“ შესახებ:
საქართველოს ბანკი ქვეყნის წამყვანი ბანკია აქტივების (საბაზრო წილი 39.1%), სესხებისა (საბაზრო წილი 37.6%) და კლიენტთა დეპოზიტების (საბაზრო წილი 41.2%) მიხედვით. (2025 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, ბანკების მიერ ეროვნული ბანკისთვის მიწოდებული ფინანსური ინფორმაციის თანახმად). საქართველოს ბანკი კლიენტებს სთავაზობს კორპორატიული და საცალო საბანკო მომსახურების ფართო სპექტრს. 2025 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, საქართველოს ბანკი ემსახურებოდა 2.0 მილიონზე მეტ აქტიურ მომხმარებელს. სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: https://bankofgeorgia.ge/