საკრებულოში მსჯავრდებულთა მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთების გამოფენა მოეწყო

თინათინ ნანობაშვილი

თბილისის  საკრებულოს მხარდაჭერით და  მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის ინიციატივით,  საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში მსჯავრდებულთა მიერ სხვადასხვა თემატიკაზე შექმნილი ხელნაკეთი  ნივთების  გამოფენა მოეწყო.

ღონისძიება  თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, თინათინ ნიბლოშვილმა, გახსნეს. მათი თქმით, მსგავსი სახის აქტივობები მნიშვნელოვანია მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მიზნით.

გამოფენაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით ასევე მიმართეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, მერაბ ტურავამ და მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დირექტორმა თამთა დემურიშვილმა, რომელსაც საკრებულოს უმრავლესობის წევრები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

„ჩვენ უკვე რამდენიმე წელია ვთანამშრომლობთ მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრთან, ამ თანამშრომლობის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი აქტივობა განვახორციელეთ. მსგავსი ინიციატივები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსჯავრდებულთათვის, რადგან სასჯელის მოხდის შემდეგ მათ ექნებათ პროფესიული უნარები, რაც დასაქმებისთვის აუცილებელი წინაპირობაა. მადლობას ვუხდით თითოეულ ადამიანს ჩართულობისთვის — თითოეული ჩვენგანის ვალია, ხელი შევუწყოთ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროცესს“,  -  განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში მსჯავრდებულების მიერ დამზადებული აქსესუარები,  ნახატები, ნაქარგობები, ჩანთები,  სამკაულები და სხვადასხვა თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრები გამოიფინა.  აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროექტების საშუალებით ისინი  იძენენ ახალ  უნარ-ჩვევებს, ეუფლებიან მოთხოვნად პროფესიებს, რაც დაწესებულების დატოვების შემდეგ  მათი დასაქმების შესაძლებლობას ზრდის.

გამოფენაზე  მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დირექტორმა თამთა დემურიშვილმა  თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს, ზურაბ აბაშიძეს და  საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, თინათინ ნიბლოშვილს  მხარდაჭერისთვის მსჯავრდებულთა მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთები და მადლობის სიგელები გადასცა.