რა დაუბარა პატრიარქმა სტუდენტებს - ემოციური ჩანაწერი

ილია მეორე

„როცა მცენარეს დარგავთ აუცილებლად უთხარით, გაიხარე და გამახარე“,- ასე დაარიგა პატრიარქმა სტუდენტები, რომელსაც ფლორისტი, ბოტანიკოსი ზურა შევარდნაძე იხსენებს.

როგორც შევადნაძე წერს, პატრიარქი ხშირად რგავდა მცენარეებს ან ვინმეს სახელზე ან დღესასწაულთან დაკავშირებით.

„შემოდგომაზე და გაზაფხულზე ხშირად ურეკავდა დედა თეკლეს, ხე მინდა დავრგო ამა და ამ ადამიანის სახელზე ან ამა და ამ დღის აღსანიშნავად, სტუდენტები მოიყვანეთ. აბა ვინ იტყოდა ასეთ თხოვნაზე უარს? შევარჩევდით ადგილს, ნერგს, მოვამზადებდით ორმოს, ჭიგოს, მობრძანდებოდა, სახე გაბრწყინებული და დავრგავდით, მოვრწყავდით.

სტუდენტებს მოეფერებოდა და უსათუოდ იქ მყოფებს მიმართავდა: როცა მცენარეს დარგავთ აუცილებლად უთხარით, გაიხარე და გამახარე. ეს თქვენ გგონიათ რომ არ ესმის, მაგრამ ისიც ჩვენსავით ღმერთის გაჩენილია, ისიც ცოცხალია. გაიხარე და გამახარე, გაიხარე და გამახარე, გაიხარე და გამახარე“,- წერს ზურა შევარდნაძე.