რა აქტივობებს  გეგმავს შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში - უწყება მოქალაქეებს გორში უმასპინძლებს

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დირექტორმა, თენგიზ სისაურმა  26 მაისის ღონისძიებების ფარგლებში უწყების მეირ დაგეგმილ აქტივობებზე ისაუბრა.  მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ქალაქ გორში  სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნავს და მოქალაქეებს ინტერაქტიულ აქტივობებს 12 :00 საათიდან შესთავაზებს.

„საპატრულო პოლიცია მოსულ სტუმრებს სთავაზობს „ჭკვიანი ქალაქის“ კონცეფციას, რაც გულისხმობს მოძრაობის წესების დაცვას, ახალგაზრდებს, დამეთანხმებით, მნიშვნელოვანია, რომ ადრეული ასაკიდანვე ჰქონდეთ ცოდნა, თუ რას ნიშნავს უსაფრთხო ქალაქი, უსაფრთხოების წესების დაცვა, როგორც ქვეითად მოსიარულე ადამიანებისთვის, ისე ავტოსატრანსპორტო საშუალების ფლობის შემთხვევაში“ -აღნიშნა თენგიზ სისაურმა.

საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დირექტორის განცხადებით, საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, ასევე, ადგილზე მისულ მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, „სიცოცხლის ზარის“ სტენდთან, „112"-ში შესულ რეალურ ზარებს მოუსმინონ. ხოლო მომსახურების სააგენტოს სივრცეში ადგილზე გაიცემა ველოსიპედის მართვის მოწმობები, იქნება იმიტირებული წესები, როგორ აბარებენ გამოცდას დღეს-დღეისობით მოქალაქეები.

თენგიზ სისაურმა ასევე, დეტალურად ისაუბრა იმ აქტივობებზე რომლითაც უწყების სხვა დანაყოფებთან ერთად საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი იქნება წარმოდგენილი.

„ეს სივრცე იქნება საკმაოდ დატვირთული. მოხდება  ანაბეჭდების აღება, საკმაოდ სახალისო პროცესია როცა თავად გამოავლენენ უხილავ კვალს ბავშვები. ასევე, მოწყობილი იქნება იმიტირებული შემთხვევის ადგილი, სადაც  ბავშვებს მენტორობას გაუწევენ ექსპერტ-კრიმინალისტები და გააცნობენ, თუ როგორ უნდა დათვალიერდეს შემთხვევის ადგილი, იმიტირებულ ოთახში დამალული  იქნება სხვადასხვა მტკიცებულებები. მიიღებენ ინფორმაციას  თუ  რა გზა გადის შემთხვევის ადგილიდან დანაშაულის გახსნამდე.  გამარჯვებულს გადავცემთ მის მიერ გამოვლენილ ანაბეჭდს. ქიმიური სამმართველოს მიერ წარმოდგენილი იქნება ქიმიური შოუ, რომელიც ძალიან სანახაობრივია და უსაფრთხო.  წინა წლების გამოცდილებამ აჩვენა, რომ საკმაოდ დიდი ჩართულობა აქვთ ახალგაზრდებს“, - განაცხადა თენგიზ სისაურმა.

ღონისძიებების ფარგლებში სხვადასხვა სახის აქტივობებით ასევე წარმოდგენილი იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიცია, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და სასაზღვრო პოლიცია. ღონისძიების ფარგლებში ქალაქ გორის ცენტრში დაეშვება ვერტმფრენიც.  ვიზიტორებისთვის ადგილზე შესაძლებელი იქნება შვეულმფრენთან ახლოს მისვლა და დათვალიერება. მოქალაქეები მიიღებენ ინფორმაციას, თუ რა შესაძლებლობები აქვს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენს და  მოისმენენ ისტორიებს  სამაშველო ღონისძიებების შესახებ.