„ქორწილს გეგმავდნენ...“ - სოფელ დიდგორთან მომხდარი ტრაგედიის დეტალები

ფოტო

კომპანია Signify ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულ 3 თანამშრომელს ემშვიდობება. კომპანიის თანამშრომლები სოფელ დიდგორთან მომხდარ ავტოავარიას ემსხვერპლნენ.

„დღეს უკვე მეორე დღეა, რაც Signify-ს გუნდისთვის წარმოუდგენლად მძიმეა.
ავტოსაგზაო შემთხვევამ ჩვენი სამი უახლოესი ადამიანი იმსხვერპლა - ნიკუშა ქუთათელაძე, გვანცა არევაძე და სანდრო ჩხეიძე.

სანდროსთან ერთად დავკარგეთ მისი მეუღლეც, ნათია. სანდროს ბევრი იცნობდით, იმდენი ადამიანის ცხოვრება შეცვალა, იმდენი უმადლის, როგორ უნდა გავძლოთ უმისოდ.

ნათიას და სანდროს 2 შვილი დარჩათ, ანიტა და დამიანე - მთელი გუნდი გვერდში გედგებით, მაგრამ ვაი, როგორ შეგიმსუბუქოთ ეს საშინელი ტკივილი.

ამ ტრაგედიას სასწაულებრივად გადაურჩა ჩვენი თანამშრომელი ირაკლი თავაძე, რომელიც ამჟამად სამედიცინო დახმარებას იღებს. წარმოდგენაც არ მინდა, რა ხვედრი ელის მის დასა და ძმას, როდესაც ამ ამბავს შეატყობინებენ - გამაგრდით.

სიტყვები არ გვყოფნის იმ ტკივილის აღსაწერად, რომელსაც ახლა მათი ოჯახები, მეგობრები და ჩვენი გუნდი განიცდის.

ვუსამძიმრებთ სანდროს ოჯახს, მის მეუღლეს, ნათიას ოჯახს და მათ შვილებს.
ვუსამძიმრებთ გვანცასა და ნიკუშას ოჯახებს. მათ წინ მთელი ცხოვრება ჰქონდათ. 5 სექტემბერს ქორწილს გეგმავდნენ და საერთო მომავალს აშენებდნენ. ეს ტრაგედია განსაკუთრებით მტკივნეულია ყველასთვის, ვინც მათ იცნობდა.

ვუსამძიმრებთ მარიამ ქადაგიძის ოჯახს და ირაკლი თავაძეს. ირაკლი სულ მარიამზე ლაპარაკობდა, სულ თვალები უციმციმებდა მარიამის ხსენებაზე - ირაკლი გამაგრდი.

გუშინ ხუთი ადამიანის სიცოცხლე შეწყდა. ხუთი ახალგაზრდა ადამიანის, რომლებსაც უამრავი გეგმა, ოცნება და წინ გასავლელი გზა ჰქონდათ, ცხოვრება ეჩქარებოდათ.

მთელი Signify გლოვობს მათ დაკარგვას.

გვიყვარხართ და ყოველთვის გვეყვარებით, როგორ უნდა გავძლოთ უთქვენოდ.... “, - წერია გავრცელებულ პოსტში.