ქართული ღვინო სეულის საერთაშორისო გამოფენაზე - ექსპოზიციაში საქართველოდან ექვსმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა

ქართული ღვინო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი, კორეის რესპუბლიკაში გამართულ ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო გამოფენას "Seoul Wine and Spirits Expo 2025" დაესწრო.

გამოფენაში მონაწილეობა მიიღო ქართული ღვინის ექვსმა კომპანიამ, რაც ქართველ მწარმოებლებს შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი პროდუქცია წარუდგინონ ადგილობრივ ღვინის პროფესიონალებს, იმპორტიორებსა და მედიის წარმომადგენლებს. მსგავსი ღონისძიებები წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან მექანიზმს ქართული ღვინის ექსპორტის ზრდისა და საერთაშორისო ბაზრებზე მისი პოპულარიზაციისთვის.

"საქართველო მეღვინეობის უძველესი ქვეყანაა, რომელიც დღეს უკვე თანამედროვე და განვითარებული მეღვინეობის ინდუსტრიით გამოირჩევა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა ქართული ღვინის ბაზრების დივერსიფიკაცია და ალტერნატიული მიმართულებების მოძიება. საერთაშორისო ბაზრებზე აქტიურობისა და სტაბილური პარტნიორების პოვნის პროცესში, სახელმწიფო მუდმივად მხარს უჭერს კერძო სექტორს. სეულში ჩვენი დელეგაციის ვიზიტის მთავარი მიზანიც სწორედ კორეის ღვინის ბაზარზე ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების პოპულარიზაცია და ცნობადობის გაზრდაა", - აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა.

გამოფენას ასევე ესწრებოდნენ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ვაჭარაძე და კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თარაშ პაპასქუა.