როგორ მივხვდეთ, გველი შხამიანია თუ არა? - სპეციალისტის რჩევა
1751229410
ვოლოდიმირ ზელენსკის სურს, რომ ევროკავშირის სანქციების მე-18 პაკეტის დამტკიცების მიზნით, გერმანიამ უნგრეთზე გავლენა მოახდინოს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, იოჰან ვადეპულთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
„მადლიერები ვართ რუსული აგრესიის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტის მხარდაჭერისთვის. ვიცი, რომ ევროპელი ლიდერები ძალიან ახლოს არიან ამ პაკეტის დამტკიცებასთან. ვიცი, რომ ამ მხრივ ბუდაპეშტთან გარკვეული გაუგებრობებია“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, სურს, რომ გერმანიამ უნგრეთზე გავლენა მოახდინოს.
„ვფიქრობ, მთელი ევროპის ინტერესებშია, რომ რუსული აგრესიის წინააღმდეგ პაკეტებმა იმუშაოს, რათა რუსეთმა იგრძნოს ამ ომის მაღალი ფასი და სწორედ სანქციების გამო დაზარალდება მათი ეკონომიკა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ამასთან, როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინა, თავის მხრივ, ძალიან დიპლომატიურად და კონსტრუქციულად იქცევა და არ პასუხობს უნგრეთის შესაბამის ნაბიჯებს.
„რა თქმა უნდა, უკრაინას აქვს პასუხი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენ პარტნიორები ვართ და გვყავს ერთი მტერი. ეს არის რუსეთი“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
თავის მხრივ, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ გერმანია უკრაინის გვერდით იქნება.
„რაც შეეხება რუსეთის ომს, რომელიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, ჩვენ ვიცით, რომ თქვენ იცავთ არა მხოლოდ უკრაინის სუვერენიტეტსა და თავისუფლებას, არამედ ევროპის სუვერენიტეტსა და თავისუფლებასაც და ამგვარად გერმანიას. ამიტომ, ჩვენ მხარს გიჭერთ. არ აქვს მნიშვნელობა, რა ამოცანების წინაშე აღმოვჩნდებით. როგორც თქვენ, ასევე ჩვენ, როგორი სიტუაციაც არ უნდა იყოს, ჩვენ ვიპოვით სწორ პასუხებს ამაზე, – აღნიშნა ვადეპულმა.
გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ზელენსკიმ სწორად აღნიშნა რუსეთზე ზეწოლის გაზრდის აუცილებლობა ცეცხლის შეწყვეტისა და სამშვიდობო მოლაპარაკებების საკითხთან დაკავშირებით. მისივე თქმით, შესაბამის ზომებს მიიღებენ და ამის მაგალითია სანქციების მე-18 პაკეტის დამტკიცებისთვის მზადება.
„ჩვენ გვსურს, დავარწმუნოთ ყველა ევროპელი პარტნიორი, რომ ეს პაკეტი ეფექტურია. ასევე, ჩვენი ამერიკელი კოლეგები, რათა შეერთებულმა შტატებმაც მიიღოს შესაბამისი ზომები. პუტინმა უნდა იცოდეს, რომ თუ რაიმე ცუდს ჩაიდენს, ეს პასუხის გარეშე არ დარჩება. და რაც უფრო ნათლად ჩამოვაყალიბებთ ამას, მით უკეთესი“, – განაცხადა ვადეპულმა.