მომხმარებელი უფრო ინფორმირებული იქნება საუკეთესო ფასებზე, სექტორში იქნება გამჭვირვალობა - შოთა ბერეკაშვილი საოჯახო კალათის პროგრამაზე

შოთა ბერეკაშვილი

"საოჯახო კალათის პროგრამისთვის" ერთიანი ელექტრონული პლატფორმა იქმნება.
ახალი ციფრული სივრცე მომხმარებლებს სხვადასხვა სავაჭრო ქსელში საბაზისო პროდუქტებზე არსებულ საუკეთესო შეთავაზებებსა და ფასებს გააცნობს.

პრემიერის ინიციატივით დაწყებული პროექტის ფარგლებში, მარკეტები ვალდებულები იქნებიან, კონკურენციის სააგენტოს ინფორმაცია ყოველკვირეულად მიაწოდონ.

პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს მომხმარებლის ინფორმირებულობას, ასევე კონკურენციას და გამჭვირვალობას.

"პირველ რიგში, მომხმარებელ უფრო ინფორმირებული იქნება საუკეთესო ფასებზე. მეორე, სექტორში იქნება გამჭვირვალობა. აღნიშნული პლატფორმა ასევე ხელს შეუწყობს ქსელებს შორის კონკურენციას. კონკურენცია არის საუკეთესო მექანიზმი, როდესაც მომხმარებელი იღებს საუკეთესო ფასს. რომ შევაჯამოთ, აღნიშნული მოდელი ეფუძნება მაზრის თავისუფლებას, კონკურენციას, გამჭვირვალობას, რაც არის და ყოველთვის იყო ჩვენი მიზანი. საბოლოო ჯამში, მომხმარებელი იღებს საუკეთესო ფასს", - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.