კოროხნალის მაღაროში ინსპექტირების პროცესი ხმაურის ფონზე დაიწყო - პროტესტის საინიციატივო ჯგუფის რამდენიმე მონაწილე სპეციალისტებს ობიექტზე შესვლის საშუალებას დღესაც არ აძლევდა

დაპირისპირება მაღაროში

კოროხნალის მაღაროში ინსპექტირების პროცესი ხმაურის ფონზე დაიწყო. პროტესტის საინიციატივო ჯგუფის რამდენიმე მონაწილე, სპეციალისტებს ობიექტზე შესვლის და შემოწმების საშუალებას დღესაც არ აძლევდა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც.

„ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ წარმომადგენლები და სპეციალისტები მაღაროებში სამართალდამცველების დახმარებით შევიდნენ. შემოწმდა ელექტრომოწყობილობები და ჩაირთო გაგრილების სისტემა. შემდეგი ეტაპი, მაღაროებში უსაფრთხოების მხრივ არსებული ვითარების მონიტორინგია.

უკვე ერთ წელზე მეტია პროტესტის მონაწილეების მიერ შუქრუთის და კოროხნალის მაღაროები, ანუ საერთო წარმოების 70% პარალიზებულია. დღეს „კურიერის“ კამერამაც გადაიღო, თუ რა ვითარებაა ობიექტებზე. ბლოკირებულ მაღაროებში მიწის ჩამოქცევის და დატბორვის პროცესი განვითარდა, რის გამოც წარმოების დაწყებამდე კომპანიამ გამაგრებითი სამუშაოებიც უნდა ჩაატაროს.

პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგობის მიუხედავად, ყოველდღიურად იზრდება იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც მზადაა წარმოების განახლებისთანავე სამუშაოს დაუბრუნდეს. მზაობა ხელმოწერით დაადასტურა 1000-ზე მეტმა ჭიათურელმა, მათ შორის არიან ისინიც, ვინც ამ დრომდე საწარმოში დასაქმებული არ იყვნენ.

ადგილობრივების სურვილის მიუხედავად, პროტესტის საინიციატივო ჯგუფის გარკვეული წევრები მუქარას არ წყვეტენ. სახის ძვლების მოტეხილობით და სხვა მძიმე დაზიანებებით კლინიკაში მკურნალობს შუქრუთის მაღაროს დირექტორი, რომელსაც ფიზიკურად პროტესტის ოთხი მონაწილე დაუპირისპირდა. თენგიზ კობერიძეს დღეს ოპერაცია ჩაუტარდა.

ჭიათურაში განვითარებულ მოვლენებს დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა. უწყება პროტესტის მონაწილეთა აგრესიულ ჯგუფს მოუწოდებს, არ გავიდნენ კანონის ფარგლებიდან. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო კი გაფიცვის მომხრეებს შეახსენებს, რომ წარმოების განახლებას ჭიათურისთვის ალტერნატივა არ აქვს.

სამმხრივი კომისიის ფარგლებში მიღწეული შეთანხმების საფუძველზე ჭიათურაში მადნის მოპოვებითი სამუშაოები რამდენიმე დღეში უნდა განახლდეს, მანამდე კი კომპანიამ კოროხნალის, შუქრუთის, ითხვისისა და დარკვეთის მაღაროებში მონიტორინგის პროცესი დაიწყო.