„გთხოვთ, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინოთ!“ - GWP სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

gwp

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, 15 მაისიდან მოსალოდნელია მდინარე არაგვის კალაპოტში წყლის მატება, რაც გარკვეულ საფრთხეებს შეიცავს.

„2025 წლის 15 მაისიდან მოსალოდნელია მდინარე არაგვის კალაპოტში წყლის ნაკადის მატება, რაც გამოწვეულია მცხეთა-მთიანეთის რაიონში მოსული უხვი ნალექითა და შესაბამისად ჟინვალის წყალსაცავში წყლის უხვი შემოდინებით.

ბუნებრივ უხვ ნალექთან ერთად მდინარის კალაპოტს შეუერთდება ჟინვალის წყალსაცავიდან გამოშვებული ჭარბი წყალი.

წყალდიდობის დროს კაშხლის მდგრადობისა და უსაფრთხოების ნორმების უზრუნველყოფის მიზნით, ჟინვალის წყალსაცავის საექსპლუატაციო პირობები მკაცრად კონტროლდება „წყალსაცავის ექსპლუატაციის ინსტრუქციის“ დოკუმენტით.

გთხოვთ განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინოთ აღნიშნულ პერიოდში მდინარე არაგვის კალაპოტთან გადაადგილებისას“, - ნათქვამია განცხადებაში.