გლდანი-ნაძალადევში ძლიერმა სეტყვამ ავტომობილები დააზიანა

სეტყვა თბილისში

დღის მეორე ნახევრიდან თბილისის უმეტეს რაიონში ამინდი მკვეთრად შეიცვალა, სინოპტიკოსების პროგნოზი გამართლდა. ძლიერმა წვიმამ ყველაზე მეტად გლდანისა და ნაძალადევის რაიონები დააზარალა.

სოციალურ ქსელში მოქალაქეების მიერ გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ სეტყვის მარცვლების ზომამ ზოგიერთ ადგილას კაკლის ზომას მიაღწია. ძლიერმა ნალექმა სერიოზული პრობლემები შეუქმნა მოსახლეობას, დაზიანდა ავტომობილებიც.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 19 ივნისის დღის ბოლოდან 22 ივნისამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. საქართველოს მდინარეებზე ნარჩუნდება მაღალი წყლიანობა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია ცალკეული მდინარეების აუზებში (ენგური,რიონი, არაგვი, იორი, ალაზანი) წყლის დონეების საშიშ ნიშნულებამდე მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე მაღალი)."-აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.