ომი, პირადი ტრაგედია, ხელახლა ნაპოვნი სიყვარული და ოთხი შვილი - ილია თოფურიას დედის ისტორია

ინგა თოფურია

როდესაც საზოგადოება ილია თოფურიას წარმატებაზე საუბრობს, ხშირად ავიწყდებათ ის ადამიანები, რომელთა სიმტკიცემ და თავდადებამ ამ წარმატების საფუძველი შექმნა. მათ შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მის დედას, ინგა ბენდელიან - თოფურიას, რომლის ცხოვრების გზა მძიმე დანაკარგებით, ბრძოლითა და იმედის ხელახლა პოვნით არის სავსე.

ინგა 21 წლის იყო, როდესაც დაქვრივდა. იმავე პერიოდში ოჯახმა კიდევ ერთი ტრაგედია გადაიტანა - დაკარგა ძმა...

ეს იყო პერიოდი, როდესაც ქვეყანაში ომი, სოციალური კრიზისი და გაურკვევლობა სუფევდა. ახალგაზრდა ქალს ცხოვრების გაგრძელება და ოჯახის შენარჩუნება საკუთარი ძალებით უწევდა. წლების შემდეგ მან სიყვარული კვლავ იპოვა და ახალი ოჯახი შექმნა.

მისი თქმით, ცხოვრების ყველა სირთულის მიუხედავად, ბედნიერების დაბრუნება მაინც შეძლო. დღეს ის ოთხი შვილის დედაა და საკუთარ ოჯახს ყველაზე დიდ მიღწევად მიიჩნევს.

ოჯახის ისტორია საქართველოდან შორს გაგრძელდა. ემიგრაციამ მათ ახალი შესაძლებლობები მისცა, თუმცა სამშობლოსთან კავშირი არასდროს გაუწყვეტიათ.

სწორედ ასეთ გარემოში გაიზარდა ილია თოფურია, ადამიანი, რომელიც მოგვიანებით მსოფლიო შერეული ორთაბრძოლების ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ვარსკვლავად იქცა.

ილია არაერთ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ მის ცხოვრებასა და კარიერაზე ყველაზე დიდი გავლენა დედამ მოახდინა. მისი თქმით, სწორედ ინგას სიმტკიცე, შრომისმოყვარეობა და შეუპოვრობა გახდა მაგალითი, რომელმაც მიზნებისკენ სვლა ასწავლა.

„უკვე 30 წელია, რაც 4 ფანტასტიკურ შვილთან ერთად ვცხოვრობთ - ყველაფერი გამოვიდა. ილია გერმანიაში დაიბადა, მაგრამ შვილებს ყოველთვის საქართველოს სიყვარულით ვზრდიდით. როცა ილიამ ქამარი პირველად მოიპოვა, მაშინ გავიფიქრე, რომ ამად ყველაფერი ღირდა, რაც ცხოვრებაში გავიარე. ემიგრაციაში ისე არასდროს წავალ, რომ უკან, საქართველოში არ დავბრუნდე“, - თქვა ერთ-ერთ ინტერვიუში ინგა თოფურიამ.