„ევროპაში რეკორდული სიცხეები სულ უფრო ხშირად ფიქსირდება... ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობაა“ - ჯანმო

ჯანმო

ბოლო 20 წლის განმავლობაში სიცხესთან დაკავშირებული სიკვდილიანობა ევროპაში 30%-ით გაიზარდა. 2022 და 2023 წლებში 35 ქვეყანაში ერთად აღრიცხული იყო 100 000-ზე მეტი გარდაცვალება. „მოსალოდნელია, რომ ეს რიცხვი მომავალ წლებში გაიზრდება,“ – იუწყება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია.

ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული კრიზისი აღარ არის შორეული საფრთხე ან სეზონური ხასიათის ზიანი.

„ეს არის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობა, რომელიც რეალურ დროში ვითარდება,“ – წერია ჯანმოს ევროპის რეგიონის კლიმატისა და ჯანმრთელობის საკითხებში პანევროპული კომისიის ღია წერილში, რომელიც 53 ქვეყნის მთავრობებსა და ჯანდაცვის უწყებებს გაეგზავნა.

კომისიის ინფორმაციით, ევროპაში რეკორდული სიცხეები სულ უფრო ხშირად ფიქსირდება, ისინი ძლიერია და მომაკვდინებელი.

„ეს მოვლენები ჩუმი მკვლელებია, გარდაცვალების რეესტრში ისინი ხშირად აღნიშნულია როგორც ინსულტი, გულის შეტევა ან სუნთქვის უკმარისობა. თუმცა, ნამდვილი მიზეზი ნათელია“, – აღნიშნულია წერილში.

სითბოს გავლენა ჯანმრთელობაზე მხოლოდ ფიზიკური არ არის – იზრდება შფოთვა, ქვეითდება ძილი და კოგნიტიური ფუნქცია. კლიმატის ცვლილება ასევე ხელს უწყობს რეგიონში ოდესღაც იშვიათი დაავადებების გავრცელებას – ევროკავშირში/ევროპის ეკონომიკურ ზონაში დენგეს ვირუსის ადგილობრივად გავრცელების შემთხვევები 2022-დან 2024 წლამდე 368%-ით გაიზარდა.

მომატებული ტემპერატურა დამატებით ტვირთად აწვება ჯანდაცვის სისტემებს. სიცხის დროს იზრდება გადაუდებელი დახმარების განყოფილებებში მიმართვიანობა, განსაკუთრებით გულ-სისხლძარღვთა, ფილტვებისა და თირკმლის პრობლემების გამო. ზიანდება ფსიქიკური ჯანმრთელობაც: ძილი უარესდება, შფოთვა ძლიერდება და კოგნიტიური ფუნქცია ქვეითდება.

ამასობაში, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებს სითბური დარტყმისა და ჰოსპიტალიზაციის უფრო მაღალი რისკი ემუქრებათ, რადგან ზოგიერთი რეცეპტით გასაცემი მედიკამენტი ამცირებს ორგანიზმის ტემპერატურის რეგულირების უნარს.

კომისია მოუწოდებს ქვეყნებს, დააჩქარონ სიცხისგან დაცვის გეგმები – ადრეული ქმედებები გადაარჩენს სიცოცხლეს და შეამცირებს საავადმყოფოებზე ზეწოლას. წერილში ხაზგასმულია, რომ კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა ნიშნავს ჯანმრთელობის დაცვასაც, კერძოდ, ემისიების შემცირებამ შეიძლება გადაარჩინოს 5 მილიონზე მეტი სიცოცხლე, ხოლო ქალაქებში მწვანე სივრცეების გაზრდამ სიცხესთან დაკავშირებული სიკვდილიანობა 40%-მდე შეამციროს:

ჯანმო მოუწოდებს ქვეყნებს, ასახონ ეკონომიკურ პოლიტიკაში ჯანმრთელობისა და მდგრადობის პრიორიტეტები. „მთლიანი შიდა პროდუქტი ვერ ზომავს ყველაზე მნიშვნელოვანს – ჯანმრთელი ადამიანებისა და ჯანსაღი ეკოსისტემების ღირებულებას“, – ვკითხულობთ წერილში.