„ეს სიმპტომები ნაწლავის კიბოზე მიუთითებს" - ქირურგი განმარტავს

ნაწლავის კიბო

 აბდომინური ქირურგი, ბესო მეტონიძე, გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" ნაწლავის კიბოს შესახებ საუბრობს და ასახელებს იმ საყურადღებო სიმპტომებს, რომლებიც ადამიანებს არ უნდა გამორჩეთ:

„პირველ რიგში, ეს სწორი ნაწლავიდან სისხლიანი გამონადენია. ასევე საყურადღებოა ყაბზობისა და ფაღარათის გახანგრძლივებული მონაცვლეობა, მუცლის შებერილობა, ტკივილი და წონის კლება. ამ ნიშნების არსებობა ონკოლოგიას აპრიორი არ ნიშნავს, თუმცა ექიმთან ვიზიტის მიზეზი აუცილებლად უნდა გახდეს.

სიმპტომატიკა აქ ძირითადად ყოველთვის გამოიკვეთება, თუმცა მთავარია, პაციენტმა საფრთხე დროულად დაინახოს. დაავადება ყოველთვის ხმაურით არ მოდის, ხშირად ის ჩუმად ვითარდება. სამწუხაროდ, პაციენტები კვირებისა და თვეების განმავლობაში სხვა დაავადებების გამო თვითმკურნალობას იტარებენ. ისინი ფიქრობენ, რომ ჰემოროიდული დაავადება, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი ან „დისბაქტერიოზი" აწუხებთ.

ადრეული დიაგნოსტიკა ძალიან მნიშვნელოვანია. კოლორექტული კიბო ადვილად პრევენცირებად და განკურნებად პათოლოგიებს მიეკუთვნება, თუ მას საწყის ეტაპზე აღმოვაჩენთ. მკურნალობის მოცულობა და პროგნოზი სწორედ დროზეა დამოკიდებული. საწყის ეტაპზე შესაძლოა მხოლოდ მცირე ენდოსკოპიური ჩარევა დაგვჭირდეს. დაგვიანებულ შემთხვევებში კი ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია და ქირურგიული ოპერაციები ერთად გამოიყენება". 

ვრცლად: