დაბადების დღეს პირველად სცენაზე აღნიშნავს - დათო კენჭიაშვილი, 7 მაისს, ბათუმში კონცერტს მართავს

დათო კენჭიაშვილი

7 მაისს, ბათუმში, დათო კენჭიაშვილი საკუთარ დაბადების დღეს სცენაზე შეხვდება. ამ განსაკუთრებულ დღეს მომღერალი მსმენელთან ერთად გაატარებს. საღამო ბათუმის კულტურის ცენტრში, ბათუმის საზაფხულო თეატრში გაიმართება.

კონცერტამდე რამდენიმე დღით ადრე, მომღერალთან ინტერვიუ ჩავწერეთ და ვთხოვეთ, გაეზიარებინა ის ემოციები, რაც თქვენთან შეხვედრამდე ეუფლება.

აღმოჩნდა, რომ დაბადების დღე აქამდე არ გადაუხდია, რატომღაც, ამ დღის აღნიშვნა არ უყვარს და 2025 წლის 7 მაისი მისთვის დიდი გამოწვევაა.

- დაბადების დღე სცენაზე - როგორ ემზადებით ამ დღისთვის?

- ჩემს მეგობრებს ასეთი რამ არ ახსოვთ, რომ მე ოდესმე დაბადების დღე გადამეხადოს. ალბათ, ყველაზე კარგი დაბადების დღე და გადახდა იქნება 7 მაისს, როდესაც მე დავიბადე და ღმერთმა ამის საშუალება მომცა, თითქოს, ყოველი კონცერტი გამოცდის სახით უნდა ჩავაბარო.

- რატომ არ გიყვართ დაბადების დღის აღნიშვნა, არის რამე განსაკუთრებული მიზეზი?

- არ ვიცი... იცით, ალბათ ძალიან დიდი დოზით ვგრძნობდი ყურადღებას და ეს მაბრკოლებდა, თითქოს, მაკომპლექსებდა კიდეც. 39-ე წელს ვასრულებ და მაინც ისევ ის შეგრძნებები მაქვს დარჩენილი... უცნაურ ბავშვს მეძახდნენ, ბავშვობიდანვე არ მინდოდა დაბადების დღის გადახდა. არ ვიცი, რა გარემოებას შეიძლება ამაზე ემოქმედა... ალბათ, ჩემი პირველი გამოცდა 7 მაისს, საკუთარ დაბადების დღეზე იქნება. პირველად, ჩემს დაბადების დღეზე მაქვს კონცერტი, ის, რის გამოც მოვევლინე ამ ქვეყანას.

- რა ემოციები გეუფლებათ, როცა წარმოიდგენთ, რომ ამ დღეს თქვენთან ერთად იქნებიან როგორც მეგობრები, ასევე, მრავალრიცხოვანი მსმენელი, თანაც, აღნიშნეთ, რომ დიდი დოზით ყურადღებას სულ გაურბოდით...

- (იცინის) რა თქმა უნდა, გავურბოდი ყოველთვის, მაგრამ დგება ჩვენს ცხოვრებაში გარკვეული ეტაპი, რამაც ეს ნაბიჯი გადამადგმევინა და ტყუილად არ ვთქვი, გამოცდას ვაბარებ-მეთქი. ეს ჩემი ერთგვარი გამოცდა იქნება. რა თქმა უნდა, ძალიან ვღელავ, ვნერვიულობ, ასეთი რამ პრაქტიკაში არ მქონია... ამიტომ უდიდესი პასუხისმგებლობით ვემზადები. იმედი მაქვს, ჩემი ღმერთისა და ჩემი ქვეყნის წინაშე ღირსეულად ჩავაბარებ ამ გამოცდას.

– რას გეგმავთ კონცერტის შემდეგ, აპირებთ დაბადების დღის წვეულების გაგრძელებას?

- (იცინის) არ მგონია... ეს კონცერტი, ალბათ, მთელი ცხოვრება გამყვება. ასე უფრო კომფორტის ზონაში ვიქნები.

– რა არის დაბადების დღის სურვილი, რომელსაც საკუთარ თავს უსურვებდით?

- იმას, რასაც ვეღარ დავაბრუნებთ, რა თქმა უნდა, მაგაზე არც მინდა ვისაუბრო... რეალურ ცხოვრებაში რასაც ვისურვებდი, პირველ რიგში, იმ ადამიანების ჯანმრთელობაა, რომლებიც მე ძალიან მიყვარს და 24 საათის განმავლობაში ჩემს საქმიანობაში მგულშემატკივრობს. ალბათ, შემდეგი სურვილია, დავდგე მსოფლიო სცენაზე და მსოფლიო მომღერლების რიგებში ვიმღერო. შეიძლება ეს ხმამაღალი განცხადებაა, მაგრამ როგორც ხელოვანს, ამის დიდი სურვილი მაქვს. რამდენად შევძლებ ამას, არ ვიცი, ვიმედოვნებ, ჩემი შრომა შედეგს გამოიღებს... 

- რა სიურპრიზს უნდა ელოდოს მსმენელი თქვენგან?

- რა თქმა უნდა, სიურპრიზები იქნება გარკვეული კოლაბორაციების სახით. ძალიან დიდი დოზით არა, იმიტომ, რომ ის სიმღერები, რომელიც ჩემს მსმენელს უყვარს, მინდა, რომ ზუსტად იმ დღეს შევუსრულო და არ მინდა, ახალ-ახალი კოლაბორაციებით გადავტვირთო. 7 მაისის კონცერტი ხალხისთვის პირველი სიყვარულისა და პირველი აღიარების ხელოვნების კუთხით დაბრუნებაა და მინდა, ეს საღამო ამით იყოს განსხვავებული.

- ვინ იქნება თქვენთან ერთად სცენაზე?

- ჩემთან ერთად სტუდია „თაობა“ იქნება, ჩემი აღსაზრდელები, მოსწავლეები. რა თქმა უნდა, ჩემი ჯგუფის წევრები, მუსიკოსები, რომლებიც ახლა აქტიურად ვარჯიშობენ. გარდა ამისა, ბევრი ჩემი მეგობარი, რომელსაც ძალიან უყვარს ჩემი შემოქმედება და ყოველთვის მგულშემატკივრობს. ასე გუნდურად ვმუშაობთ და ალბათ, გარკვეულ შედეგსაც მივიღებთ.

- კონცერტის შემდეგ, ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში ტურნეს გეგმავთ. ვუთხრათ მკითხველს, სად და როდის შეძლებენ თქვენთან შეხვედრას და თქვენს მოსმენას?

- ამ ეტაპზე, ერთ თარიღს დაგისახელებთ - 23 ივნისს, ქალაქ ქუთაისში გავმართავთ კონცერტს. ქუთაისში დებიუტი მაქვს, ცხოვრებაში პირველად ვატარებ კონცერტს და დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები. ამ ქალაქის სტუმარი ვიქნები და მინდა, ყველაფერმა ღირსეულად ჩაიაროს, მსურს, გულწრფელი ემოციები და ვიბრაციები ყველას გავუზიარო.

ბათუმი, ქუთაისში, სამეგრელო, სვანეთი, რაჭა და ა.შ. საქართველოს ყველა კუთხეში ვგეგმავთ კონცერტებს. უბრალოდ, ტექნიკური და პროცედურული საკითხებია გასავლელი და წინასწარ ზუსტ დროს ვერ გეტყვით.

– და ბოლოს, რას ეტყოდით იმ ადამიანებს, რომლებიც 7 მაისს ბათუმში, კონცერტზე აპირებენ მოსვლას?

- მინდა, მადლიერებით დავიწყო. ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ადამიანი საკუთარ ძვირფას დროს გითმობს და შენთან მოდის. ამისთვის, მათ უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო. შემდეგ იქნება ყველაზე მთავარი ის, რომ ჩემგან ზუსტად იმას მიიღებენ, რასაც ელიან, რის გამოც მოვიდნენ, რა სიყვარულიც ჩემს მიმართ გამოხატეს, რომელი სიმღერა და კომპოზიციაც იყო მათი საყვარელი, ზუსტად ის მინდა მივცე. მინდა, იმ დღეს ლამაზი და ბედნიერი საღამო ვუსურვო, ჩემთვისაც ემოციური იქნება. იუბილარი ვარ, არ აღვნიშნავ, მაგრამ  ვგრძნობ - ალბათ, სხვანაირი მუხტი და ურთიერთობა მექნება მსმენელთან.

ბილეთების შეძენა biletebi.ge-ზე და ხვალიდან, ბათუმის კულტურის ცენტრის სალაროშია შესაძლებელი. გელით ყველას!