„ჩვენ ერის მამა გარდაგვეცვალა. ღმერთმა ინებოს, რომ მისი სული ცათა სასუფეველში ხარობდეს და ვინ თუ არა ის უნდა ხარობდეს მისი ღვაწლიდან გამომდინარე" - არქიმანდრიტი იოვანე

 არქიმანდრიტი იოვანე

სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის საყოველთაო პანაშვიდებისთვის სამზადისი დაწყებულია. ხვალიდან ნებისმიერ მსურველს ექნება საშუალება პატივი მიაგოს და გამოემშვიდობოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ეს.

როგორც არქიმანდრიტი იოვანე (მჭედლიშვილი), ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური აღნიშნავს, ქართველ ერს მამა გარდაეცვალა.

"ძალიან მძიმეა პატრიარქზე საუბარი, ის სიყვარული, რაც მას ჩვენთან აკავშირებდა, არის მარადიული. ჩვენ ერის მამა გარდაგვეცვალა. ღმერთმა ინებოს, რომ მისი სული ცათა სასუფეველში ხარობდეს და ვინ თუ არა ის უნდა ხარობდეს მისი ღვაწლიდან გამომდინარე," - აღნიშნა არქიმანდრიტმა.

საპატრიარქოში მეორე საათია მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგაც გამოცხადდება დეტალები უწმინდესისა და უნეტარესის დაკრძალვის შესახებ.