1780423256
აშშ-ში თავშესაფრის მიღების თაღლითური სქემა - საქართველოსა და აშშ-ის საგამოძიებო უწყებებმა დანაშაულებრივი ჯგუფები გამოავლინეს
ორი დანაშაულებრივი ჯგუფი ორი ქვეყნის საგამოძიებო უწყებების წარმომადგენლებმა ერთობლივი მუშაობის შედეგად გამოავლინეს. საქართველოს პროკურატურამ, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურთან ერთად, იმ ორგანიზებული ქსელების წევრები ამხილა, რომლებიც, გამოძიების ინფორმაციით, ყალბი დოკუმენტებისა და ყალბი ისტორიების გამოყენებით, მოქალაქეებს ამერიკის შეერთებულ შტატებში თავშესაფრის მოპოვებაში ეხმარებოდნენ.
სქემა ასე მუშაობდა - ორგანიზებული ჯგუფის წევრები ათასობით ამერიკული დოლარის სანაცვლოდ კლიენტებს ე.წ. ყალბი ქეისების შედგენაში ეხმარებოდნენ. წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, იგონებდნენ არარსებულ ისტორიებს საქართველოში ადამიანების პოლიტიკური ნიშნით ან სექსუალური ორიენტაციის გამო დევნის შესახებ, აგროვებდნენ ყალბ მტკიცებულებებს და დიდი ოდენობით ფულის სანაცვლოდ კლიენტებს სამართლებრივ დახმარებასაც ჰპირდებოდნენ.
ორი ქვეყნის მიერ ერთობლივი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოვლენილი ორგანიზებული ჯგუფის წევრებს ბრალის ოფიციალურ დადგენილებას ხვალ გააცნობენ. დანაშაულში მხილებულთა ნაწილი - 3 პირი პატიმრობაშია, 6-ის მიმართ კი სისხლის სამართლებრივი დევნა უკვე დაიწყო. ბრალდებულთა ნაწილი დღეს დროებითი მოთავსების იზოლატორში ადვოკატებმა მოინახულეს.
დანაშაულის ჩადენას უარყოფენ, თუმცა საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური უწყებების მიერ ჩატარებული გამოძიებით დასტურდება ისიც, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრები დახმარებას საემიგრაციო პატიმრობაში მყოფ მოქალაქეებსაც ჰპირდებოდნენ, თუმცა ათასობით დოლარის მიღების შემდეგ დაპირებას აღარ ასრულებდნენ. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულები ყალბი დოკუმენტების გამოყენებით კლიენტებს კანადის ვიზის მოპოვებაშიც ეხმარებოდნენ.
დანაშაულში მხილებული ცხრავე პირის მიმართ, ბრალის წარდგენის შემდეგ, სახელმწიფო ბრალდება უმკაცრესი აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს. როგორი იქნება დაცვის მხარის სტრატეგია სასამართლო პროცესზე? ადვოკატები დეტალებზე ჯერჯერობით არ საუბრობენ, თუმცა ირკვევა, რომ დაკავებულთა ნაწილი რამდენიმე დღის წინ საგამოძიებო უწყებაში გამოკითხეს.
საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების საგამოძიებო უწყებებმა კიდევ ერთი დანაშაულებრივი ქსელი გამოავლინეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრები ყალბი დოკუმენტების გამოყენებით მოქალაქეებს ამერიკის ვიზების მოპოვებაში ეხმარებოდნენ. თუმცა სქემა მალევე გაიშიფრა - შტატების საელჩომ საეჭვო დოკუმენტები გადაამოწმა და უკანონო გზით მოპოვებული ვიზები მოქალაქეებს გაუუქმა.
ასეულობით გამოკითხული მოქალაქე და მოპოვებული უტყუარი მტკიცებულებები - საქართველოს პროკურატურამ გამოძიება ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის მიმართვის შემდეგ დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, ორგანიზებული ჯგუფის წევრები მათ მიერ გამოგონილი ყალბი ისტორიების გასამყარებლად ყალბ ოფიციალურ დოკუმენტებს ამზადებდნენ - მათ შორის დაზარალებულის სტატუსის ცნობას.
რეზონანსული საქმის 9-ვე ფიგურანტს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.












