როგორ მივხვდეთ, გველი შხამიანია თუ არა? - სპეციალისტის რჩევა
1751229410
ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები კვლავ ვაპროტესტებთ ივანიშვილი/კუპრაშვილის ანტიკორუფციული ბიუროს უკანონო მოთხოვნებს, რომელიც კლანურმა სასამართლომ მორჩილად დააკმაყოფილა, – ამის შესახებ ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, არ აპირებენ რუსული კანონებით ცხოვრებას და აგრძელებენ ბრძოლას ქართველი ხალხის უფლებების დასაცავად.
„2025 წლის ივნისში ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიურომ მურუსიძის სასამართლოს მეშვეობით მოგვთხოვა პერსონალური ინფორმაციის მიწოდება ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი ადამიანების – წამების მსხვერპლების, ძალადობის მსხვერპლი ქალების, მოსწავლეების, სტუდენტების, მასწავლებლების, პენსიონერების, შშმ პირების, მეწარმეების, მამხილებლების, ჟურნალისტების, დამკვირვებლების, უკანონოდ გათავისუფლებული საჯარო მოხელეების შესახებ, ასევე ინფორმაცია ჩვენს საქმიანობასთან დაკავშირებით.
სააპელაციო სასამართლომ, რომლის თავმჯდომარე აშშ-სა და ბრიტანეთისგან სანქცირებული ჩინჩალაძეა, ჩვენი საჩივარი არ დააკმაყოფილა და გადაწყვეტილება სულ ცოტა ათი კანონის დარღვევით გამოიტანა. მოთხოვნები, მათ შორის, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობას, უფლებადამცველთა კონფიდენციალობის საერთაშორისო სტანდარტებს, ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას და ევროპული სასამართლოს პრაქტიკას.
კიდევ ერთხელ ცალსახად ვაცხადებთ, არ ვაპირებთ ჩვენი მოქალაქეების ნდობის ღალატს. არავის მივცემთ წვდომას იმ ადამიანების კონფიდენციალურ ინფორმაციაზე, ვისაც ჩვენ დავხმარებივართ. ჩვენ ანგარიშვალდებული ვართ მოქალაქეების და არა ივანიშვილის მიმართ. ჩვენს საქმიანობასთან, ფინანსებთან, პროექტებთან და საერთაშორისო თანამშრომლობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, რისი გასაჯაროებაც არ იკრძალება კონსტიტუციით და სხვა კანონმდებლობებით, შეუძლიათ გაეცნონ ჩვენს ვებ გვერდებსა და სოციალურ ქსელებში, ამიტომ, ჩვენ მათ დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით.
ივანიშვილი თავისი რეპრესიული პოლიტიკის ფარგლებში ქართული სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების განადგურებას პუტინის რუსეთის მსგავსად ცდილობს. ეს ივანიშვილის ანტიდასავლური პოლიტიკის ნაწილია, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიის მოშლას და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობების განადგურებას ემსახურება.
კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ რუსული კანონებით ცხოვრებას არ ვაპირებთ და ვაგრძელებთ ბრძოლას ქართველი ხალხის უფლებების დასაცავად“, – აღნიშნულია განცხადებაში.