1747980527
ამსტერდამში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე World of Private Label International Trade Show ქართული სტენდზე 10 კომპანია იყო წარმოდგენილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ნიდერლანდების სამეფოში, ქალაქ ამსტერდამში გამართულ გამოფენაზე World of Private Label International Trade Show 10 ქართული კომპანია: „ნათსჯი“, „კულა“, „არომაპროდაქტი“, „მაისი 2020“, „კამპა“, „ველინგტონი“, „ქარელის ხილი“, „კოოპერატივი რუისპირი - მეღვინეობა იყალთო“, „აჩინებული“ და „გრინ გოლდი“ იყო წარმოდგენილი.
ქართულმა კომპანიებმა გამოფენის სტუმრებს ქართული აგროპროდუქცია: ღვინო, თხილი, ჩაი, წვენები, ჩიფსები, ჯემები და კომპოტები გააცნეს.
გამოფენაზე წარმოდგენილი ქართული სტენდი სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა გიორგი დარჩიამ და ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებულმა დავით მახიტაშვილმა დაათვალიერეს.
„ქართული კომპანიების საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის უზრუნველყოფით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტო ხელს უწყობს ქართული მაღალხარისხიანი და კონკურენტუნარიანი პროდუქციის ცნობადობის ამაღლებას და გაყიდვების ზრდას საერთაშორისო ბაზრებზე“, - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა გიორგი დარჩიამ.
როგორც გამოფენაში მონაწილე კომპანიების წარმომადგენლები აღნიშნავენ, სახელმწიფო მხარდაჭერა მნიშვნელოვანია სავაჭრო პარტნიორების მოძიების და საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების კუთხით.
გამოფენაში, რომელიც 20-21 მაისს გაიმართა, მონაწილეობას იღებდა 3,100-ზე მეტი კომპანია 70-ზე მეტი ქვეყნიდან. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო როგორც საკვები და სასმელი პროდუქციის, ასევე საყოფაცხოვრებო, ჯანმრთელობისა და თავის მოვლის საშუალებების მწარმოებელი სექტორის წარმომადგენლები.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.