თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
1751371831
ამბროლაურის ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტში სრულმასშტაბიანი გეგმური სწავლება გაიმართა.
სწავლებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ამბროლაურის აეროპორტის შესაბამისმა სამსახურებმა, საქაერონავიგაციის, შსს იმერეთის რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ამბროლაურის რაიონულმა სამმართველომ, განაღმვის სამსახურის სპეციალურმა დანაყოფმა, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფმა დანაყოფმა, ასევე, მუნიციპალური სახანძრო/სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა.
იმიტირებული სცენარის მიხედვით, ამბროლაურის აეროპორტში უცნობმა პირმა მუქარის შემცველი წერილი დატოვა, ხოლო მოგვიანებით აეროპორტში ანონიმური ზარი განხორციელდა, სადაც უცნობი პირი დრონის საშუალებით ამბროლაურის აეროპორტში ტერორისტული აქტის განხორციელებას აანონსებს.
ინფორმაციის მიღებისთანავე, ამბროლაურის აეროპორტში ცხადდება საერთო განგაში და იკრიბება საავარიო-ოპერატიული ცენტრი. აეროპორტი მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის.
სწავლების მიზანია აეროპორტში საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში მონაწილე ორგანიზაციების და სამსახურების რეაგირების დროის დადგენა, ასევე, საგანგებო სიტუაციებში მოქმედების გეგმით გათვალისწინებული პროცედურების კოორდინირებულად და ეფექტიანად წარმართვა.
პრაქტიკული სწავლების დასრულების შემდეგ, ყველა მონაწილე სტრუქტურის ჩართულობით, ამბროლაურის აეროპორტის დირექტორმა გიორგი მურუსიძემ შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა, სადაც მონაწილეებმა სწავლების შედეგები გააანალიზეს.
„ამბროლაურის აეროპორტში სრულმასშტაბიანი სიმულაციური სწავლება ჩატარდა, რომელიც ორ ეტაპად იყო დაყოფილი: პირველ ეტაპზე, აეროპორტში შემოდის უცნობი პირი, რომელიც ჩვენს თანამშრომელს გადასცემს მუქარის შემცველ წერილს. რაც შეეხება მეორე ეტაპს, ამბროლაურის აეროპორტში შემოდის ანონიმური ზარი უპილოტო საფრენი აპარატის საშუალებით აეროპორტის ობიექტების აფეთქების შესახებ. დრონის ჩართულობა სიმულაციურ სწავლებებში ჯერ არ გვქონია და ამბროლაურის აეროპორტი საქართველოს აეროპორტებიდან ამ კუთხით პირველია, სადაც სიმულაციურ სწავლებაში უპილოტო საფრენი აპარატი იქნა გამოყენებული. მსგავსი სრულმასშტაბიანი სწავლებები ამბროლაურის აეროპორტში პერიოდულად ტარდება. რაშიც მონაწილეობას იღებს აეროპორტის შესაბამისი სამსახურები და ასევე, დასავლეთ საქართველოში არსებული სხვადასხვა სტრუქტურები“, - განაცხადა გიორგი მურუსიძემ.
გეგმური სწავლებისას ყველა შესაბამისი სამსახური სცენარის მიხედვით მოქმედებდა და საერთაშორისო სტანდარტები სწავლებისას მაქსიმალურად იყო დაცული. სრულმასშტაბიანი სწავლებები ICAO-ს სტანდარტების მიხედვით, საქართველოს აეროპორტებში, პერიოდულად, 2 წელიწადში ერთხელ ტარდება.