2 საათზე ნაკლები პატრიარქ შიო მესამის ინტრონიზაციამდე - კურთხევა სვეტიცხოვლის ტაძარში გაიმართება

შიო

 2 საათზე ნაკლები რჩება საქართველოს 142-ე პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის შიო მესამის ინტრონიზაციის საზეიმო ცერემონიამდე. კურთხევა დღეს მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში გაიმართება. აღსაყდრების თარიღი, საეკლესიო ტრადიციის შესაბამისად, თავად შიო მესამემ განსაზღვრა,

ცერემონია დილით, 10:00 საათზე დაიწყება და ჩატარდება საღმრთო ლიტურგია. მღვდელმთავრები საკათალიკოსო ბისონით შემოსავენ. სწორედ ბისონი განასახიერებს ქრისტეს უნაკერო კვართს და პატრიარქის უმაღლეს საეკლესიო ხელისუფლებას. ამის შემდეგ პატრიარქს გადაეცემა სიმბოლოები-კვერთხი და მეორე პანაღია, რომელიც მართლმადიდებლური ეკლესიის უმაღლესი იერარქის ერთ-ერთი გამორჩეული საეკლესიო ნიშანია და ამავე დროს მიანიშნებს, რომ ის არის ავტოკეფალური-დამოუკიდებელი ეკლესიის მეთაური.

შეგახსენებთ, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო მუჯირი გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდმა ქართული ეკლესიის მესაჭედ 22 ხმით, გუშინ აირჩია. საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესიის ახალ მწყემსმთავარს არჩევისთანავე გადაეცა ყველა ის ტიტული, რომელთაც მისი წინამორბედი პატრიარქი ილია მეორე ატარებდა.