ცოტნე გამსახურდიას მეუღლის მიმართ ადევნების ფაქტზე 56 წლის მამაკაცი მეორედ დააკავეს

პოლიციის სირენა

56 წლის დავით ერაძე სამართალდამცველებმა ცოტნე გამსახურდიას მეუღლის, ანა ჯაბაურის მიმართ ადევნების ფაქტზე დააკავეს. ინფორმაციას  "რუსთავი 2" ავრცელებს. ტელეკომპანიას ფაქტი ანა ჯაბაურმა დაუდასტურა. ერაძეს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა უკვე მიუსაჯა. დანაშაულის რეციდივის გამო, მას ამჯერად 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დავით ერაძე იმავე დანაშაულისთვის სასჯელს ერთხელ უკვე იხდიდა. მან პენიტენციური დაწესებულება იანვარში დატოვა და კვლავ განაგრძო ანა ჯაბაურის შევიწროება.

ერაძე სხვადასხვა დანაშაულისთვის სულ 5-ჯერ არის ნასამართლევი. სოციალურ ქსელებში მის მიერ გამოქვეყნებული პოსტებით დგინდება, რომ ის მანანა არჩვაძე-გამსახურდიას აქტიური მხარდამჭერია.