შეღავათი ათიათასობით მოქალაქეს ეხება - რა მომსახურებაზე ანახევრებს ფასებს იუსტიციის სახლი
1773693742
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2 თანამშრომელი დააკავა, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი ქრთამის აღების ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, 1982 წელს დაბადებულმა იაკობ კაცაძემ სხვადასხვა პირების შსს საინფორმაციო ცენტრის ბაზებში უკანონოდ გადამოწმებისა და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების სანაცვლოდ, ქრთამის სახით აიღო ფულადი თანხა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 6-იდან - 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რაც შეეხება დაცვის პოლიციის თანამშრომელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ის სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი სიყალბის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა.
გამოძიებით დადგინდა, რომ აჭარის დაცვის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა, 1981 წელს დაბადებულმა კარლო ურუშაძემ ბოროტად გამოიყენა თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება - კერძოდ, მის დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომელს პერიოდულად ავალებდა არაგაბარიტული ტვირთების დაცვა-გაცილების შესახებ ბრძანებებში ყალბი მონაცემების შეტანას, მათ შორის არაგაბარიტული ტვირთების დაცვა-გაცილების განმახორციელებელ პირებად, მასთან ახლო მეგობრულ ურთიერთობაში მყოფი თანამშრომლების მითითებას, რომლებიც რეალურად აღნიშნულ საქმიანობას არ ახორციელებდნენ. შედეგად, ბრძანებებში მითითებულ პირებს, პერიოდულად ერიცხებოდათ ფულადი დანამატები, რითაც არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი.
გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად კარლო ურუშაძე ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და 341-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 2-დან 4 - წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.