"გამგზავრებამდე, სამი დღით ადრე, მოულოდნელად გარდაიცვალა, ეს იყო შოკი..." - თამთა კვარაცხელია
1778098791
საქართველოს პროკურატურამ 103 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „მეტამფეტამინი“-ს უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დაუდგენელ პირებთან წინასწარი შეთანხმებით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების „მეტამფეტამინის“ შემცველი ნივთიერების, საქართველოს გავლით, ბულგარეთის რესპუბლიკაში ტრანზიტით გადაზიდვის მიზნით, თავისი კომპანიის კუთვნილი სატვირთო ავტომანქანა, საქართველოდან სომხეთის რესპუბლიკაში გაგზავნა. ექვს ტომარაში მოთავსებული ნარკოტიკული საშუალება „მეტამფეტამინის (ფუძე)“ შემცველი ნივთიერება, შენიღბულად როგორც „კაუსტიკური სოდა“ ჩაატვირთინა ავტომანქანის მისაბმელში და 28 აპრილს, მისი კომპანიის მძღოლის მეშვეობით „სადახლოს“ სასაზღვრო გამშვები პუნქტის გამოვლით უკანონოდ შემოიტანა საქართველოში.
სამართალდამცველების მიერ ჩატარებული სატვირთო ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 103 კგ. ნარკოტიკული საშუალება „მეტამფეტამინი“, რომლის საბაზრო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 30 მილიონ ლარს შეადგენს.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა ჯგუფურად) და 262-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა, ჯგუფურად) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა", - წერია განცხადებაში.