დადასტურდა შეკვეთით და ანგარებით მკვლელობა - პროკურორი ძმები მიქაძეებისა და გიორგი ჯოხაძის განაჩენზე

ლევან ვეფხვაძე

სასამართლომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ძმებს, დავით და გიორგი მიქაძეებს, ასევე, გიორგი ჯოხაძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გიორგი მიქაძე დაკავებულია, დავით მიქაძე და გიორგი ჯოხაძე კი ძებნაში იმყოფებიან.

საქმის პროკურორის განცხადებით, მტკიცებულებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ექსპერტების დასკვნებით, ვიდეო მასალით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული მასალით, ერთობლიობაში დადასტურდა შეკვეთით და ანგარებით მკვლელობა, რომელიც სამივე ბრალდებულმა განახორციელა.

მისივე თქმით, სწორედ აქედან გამომდინარე, სასამართლოს განაჩენი არის დასაბუთებული:

"სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სამივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით მკვლელობის ორგანიზებაში. ასევე, გიორგი ჯოხაძე ცეცხლსასროლი იარაღის ჯგუფურად შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე. რაც შეეხება მტკიცებულებებს, მთელი ამ ხნის განმავლობაში, ბრალდების მხარე აფიქსირებდა პოზიციას, რომ საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადასტურებდა ბრალდებულების მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას.

დღეს ჩვენ მოვისმინეთ ბრალდებულის საბოლოო სიტყვა და ალბათ ბევრს მოლოდინი ჰქონდა, რომ ეს აუცილებლად შეეხებოდა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, თუმცა მისი მხრიდან საქმის ფაქტობრივ მტკიცებულებებზე ერთი სიტყვა არ გაგვიგია. ერთადერთი, რაც მან თქვა ის იყო, რომ მისი საქმე ჰგავს ე.წ. ფაზლს, რომელსაც არ აქვს ფიგურები. სასამართლომ აბსოლუტურად კარგად გასცა პასუხი ბატონ გიორგი მიქაძეს. ეს იყო ფაზლი, რომელსაც ჰქონდა არაერთი ფიგურა, რომლებიც ერთმანეთთან იყო დაკავშირებული. მტკიცებულებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ექსპერტების დასკვნებით, ვიდეო მასალით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული მასალით ერთობლიობაში დადასტურდა შეკვეთით და ანგარებით მკვლელობა რომ სამივე ბრალდებულმა განახორციელა. აქედან გამომდინარე, სასამართლოს განაჩენი არის დასაბუთებული,"- აცხადებს პროკურორი ლევან ვეფხვაძე.