მოსამართლემ შეფარდებული სასჯელი 1/4-ით უნდა შეუმციროს ბრალდებულებს, ვინაიდან დანაშაულის ჩადენის დროს იყვნენ არასრულწლოვნები და სასჯელის ზომა არ უნდა აღემატებოდეს 12 წლით თავისუფლების აღკვეთას - ავალიანის საქმის პროკურორი

ქეთევან სონიძე

გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ პირებს მოსამართლე რამდენიმე წუთში სასჯელს განუსაზღვრავს. მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილის გადაწყვეტილებით, 5 აპრილს, ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე და დემეტრე ჩიქოვანი ბრალად წარდგენილ სამივე მუხლში დამნაშავედ იქნენ ცნობილი.

კერძოდ კი, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში ჯგუფურად, რასაც გარდაცვალება მოჰყვა, ასევე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მონაწილეობაში. დღეს კი იმართება სასჯელის განმსაზღვრელი სხდომა, სადაც ცნობილი გახდება რამდენწლიანი პატიმრობა შეეფარდებათ დაკავებულებს.

საქმის პროკურორის, ქეთევან სონიძის თქმით, მოსამართლე ვალდებულია, რომ შეფარდებული სასჯელი ერთი მეოთხედით შეუმციროს თითოეულ ბრალდებულს, ვინაიდან ისინი დანაშაულის ჩადენის დროს იყვნენ არასრულწლოვნები და საბოლოოდ, დანიშნული სასჯელის ზომა არ უნდა აღემატებოდეს 12 წლით თავისუფლების აღკვეთას.

"გამამტყუნებელი განაჩენი დადგა მტკიცებულებების საფუძველზე, რომელიც გამოძიებაში შევკრიბეთ და გამოვიკვლიეთ სრული მოცულობით სასამართლოს არსებითი განხილვის შედეგად. რაც შეეხება დღევანდელ პროცესს, დღეს სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას სასჯელის შეფარდებასთან დაკავშირებით. ეს არის სხდომა, რომელიც ცალკე ინიშნება არასრულწლოვანი ბრალდებულების გასამართლების შემთხვევაში. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სავალდებულო წესით, მოსამართლე ვალდებულია, რომ შეფარდებული სასჯელი ერთი მეოთხედით შეუმციროს თითოეულ ბრალდებულს, ვინაიდან ისინი დანაშაულის ჩადენის დროს იყვნენ არასრულწლოვნები და საბოლოოდ, დანიშნული სასჯელის ზომა არ უნდა აღემატებოდეს 12 წლით თავისუფლების აღკვეთას", - განაცხადა", - განაცხადა ქეთევან სონიძემ.